ათეულობით ათასი გაკოტრებული ბიზნესი და მილიონობით უმუშევარი - მსოფლიო ეკონომიკის ზრდის 5% -იან შემცირებას სპეციალისტთა აზრით სწორედ ასეთი შედეგები მოჰყვება. ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი კორონავირუსის მეორე ტალღა მსოფლიოს მიზერულ ზიანს მიაყენებს. სხვა შემთხვევაში ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოებსაც გაუჭირდებათ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ.
პანდემიის შემდეგ ეკონომიკა გამყარებას ცდილობს. ეს პროცესი ვერ იქნება სრულყოფილი. მაგალითად, ჩვენ ვეღარ შევძლებთ მოგზაურობას ძველი ინტენსივობით. შესაბამისად, ტურისტული სფერო და გასართობი ინდუსტრია საფრთხეშია. დაზარალდება ამ სფეროში მომუშავე არაერთი ბიზნესი. მაგრამ, ამასთან ერთად, მოხდება პრიორიტეტების ტრანსფორმაცია და გაძლიერდება სხვა სექტორი. თუმცა ამ შემთხვევაშიც სპეციალისტების აზრით პროცესი იმდენად დაუბალანსებელი იქნება, რომ ბიზნესის გარკვეულმა სექტორებმა შესაძლოა საერთოდ შეწყვიტონ არსებობა. გამოსავალს ეკონომისტები ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და კოორდინირებულ მოქმედებაში ხედავენ.
პანდემიის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკა კვლავ არასტაბილურ ვითარებაში რჩება. ეკონომიკურმა კრიზისმა მსოფლიო დეგლობალიზაციის პროცესს შეუწყო ხელი. შედეგად უამრავი ადამიანი დარჩება უმუშევარი. დიდი ზიანი მიადგება დიდ ქალაქებს. განვიხილოთ თუნდაც ერთი მაგალით, მუზეუმებსა და სხვა დაწესებულებებში სოციალური დისტანციის წესი მოქმედებს. ეს დღის განმავლობაში ნაკლებ ვიზიტორს გულისხმობს. შესაბამისად, ამ სფეროს საფრთხე ემუქრება. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია.
მაგალითები ჭარბადაა ქართულ რეალობაშიც. ეკონომისტები გარკვეულწილად თანხმდებიან იმაზე, რომ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ საფრთხეებს მთავრობა ეფექტურად გაუმკლავდა. მაგრამ გარკვეული აკრძალვები, რომლებიც ზედმეტ სიფრთხილეს უკავშირდება, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე კრიტიკულად აისახება. შესაბამისად, ქვეყანა თავდაცვითი პოზიციიდან ეტაპობრივად თანმიმდევრულ შეტევაზე უნდა გადავიდეს.
ეკონომისტების კიდევ ერთი რეკომენდაცია საგარეო ვალს უკავშირდება. ამ ეტაპზე ის დაშვებულ ლიმიტს არ აღემატება, მაგრამ თუკი მისი გაზრდა მოხდება - სახსრები სპეციალისტების აზრით ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას და სოფლის მეურნეობას უნდა მოხმარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, COVID-19-ის ახალმა ტალღამ შესაძლოა საქართველოს გაცილებით დიდი დარტყმა მიაყენოს.
კონკრეტულად რა ზიანი შეიძლება მიადგეს ქვეყნის ეკონომიკას, ამის წინასწარ განსაზღვრა, სპეციალისტების აზრით, შეუძლებელია. ცდომილების ალბათობა საკმაოდ დიდია, შესაბამისად, სიტუაცია მოვლენათა განვითარების შესაძლო არაერთ სცენარს იძლევა. ამის მაგალითი მთავრობის განაცხადია საერთაშორისო ფრენების პირველი ივლისიდან აღდგენასთან დაკავშირებით, რომლის თარიღმაც გადაიწია.