მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე, ქრისტინე შარაშიძე, ანა სოლოღაშვილი, ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე - ეს იმ ქართველი პოლიტიკოსი ქალების სახელებია, რომლებიც პირველები იყვნენ პარლამენტში, პირველები ბრძოლის ხაზზე და პირველები დამოუკიდებელი საქართველოს იმ ფურცლებზე, რომლებიც ქალებმა დაწერეს. როგორც ყველა დროში, მათი დისიდენტობისა თუ პოლიტიკური შეხედულებების გამო ისინიც არაერთხელ გამხდარან დევნის ობიექტები, ისევე როგორც კაცები. ანტისაბჭოთა მოძრაობაში ყოფნის გამო დაკარგეს ახლობლებიც და ზოგიერთმა სიცოცხლეც, თუმცა აქტიური პოლიტიკა მათი არჩევანი იყო და ამ არჩევანს კონსტიტუციაც უმყარებდა ზურგს, სადაც ქალიც და კაციც თავიდანვე თანასწორები იყვნენ.
თუმცა, არის თუ არა კონსტიტუცია იმის გარანტი, რომ ქალებმა პოლიტიკაში აქტიურად მოიკიდონ ფეხი? საუკუნეზე მეტის შემდეგ ქართულ პოლიტიკაში ქალების რაოდენობამ აშკარად იმატა, მაგრამ, როგორც ჩანს, არასაკმარისად, რადგან პარლამენტში ქალთა კვოტირების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა.
თუ 1919 წელს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს დამფუძნებელთა კრებაში 130-დან 5 ქალი იყო, დღევანდელ პარლამენტში 150 დეპუტატიდან 23-ია ქალი.
ნინო ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტს 2001-2008 წლებში თავმჯდომარეობდა. ამ პერიოდში ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში 10 %-მდე იყო, დაფუძნდა გენდერული საბჭოც. პოლიტიკოსი თვლის, რომ ქალი პოლიტიკაში პოზიტიურ როლს თამაშობს, პირველ რიგში, შერბილების ეფექტი აქვს და კრიზისამდე არ მიჰყავს საქმე, თუმცა თავად ერთნაირად ნეგატიურად უყურებს სქესის გამო ჩაგვრასაც და დაწინაურებასაც, შესაბამისად, ხელოვნურ გათანაბრებას არ ემხრობა.
პოლიტიკაში ახალი ქალი სახეებიც იმავე პრობლემებს აწყდებიან, რასაც ძველები. ანა ნაცვლიშვილის თქმით, ის, რომ პოლიტიკამ მისთვის კარი ფართოდ გააღო, მისი წარსული აქტივობის შედეგია, თუმცა ბევრ ქალს სწორედ ამ გზის გავლაში ექმნება ბარიერები. ამისთვის საკმარისი არგუმენტი აქვს, მაგალითად, ის, რომ ბევრი ოჯახი უპირატესობას ვაჟებს ანიჭებს, ამის გამო გოგონებს განათლება ეზღუდებათ, ვერ საქმდებიან იმის გამო, რომ დედები არიან და ა.შ. პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ არსებულ უხერხულობებზეც საუბრობს, კვოტირებას კი ცალსახად ემხრობა, რადგან თვლის, რომ ამაზე უკეთესი გზა ჯერ ვერავინ მოიფიქრა.
ქალი აქტივისტები თვლიან, რომ პოლიტიკური ცხოვრებით დაინტერესებულ ქალებს კვოტირება სიაში მოხვედრის შანსებს გაუჩენს, ისეთს, რაც აქამდე არ არსებობდა. საპასუხისმგებლო საქმეში კვალიფიკაცია და ცოდნა ქალსაც და კაცსაც ერთნაირად მოეთხოვება, თუმცა ფიქრობენ, რომ სიის შედგენისას შესაძლოა პარტიებმა კვოტები კვლავ პირადი პრეფერენციების მიხედვით შეავსონ.
ქალი პოლიტიკოსების სიმრავლით საქართველოსთან ერთად არც სხვა სახელმწიფოები გამოირჩევიან, თუმცა გენდერული კვოტირება თუ წამახალისებელი კამპანიები, როგორც ამ პრობლემის გადაჭრის იდეა, ბევრ ქვეყანაში გასჩენიათ. თუმცა იმ ქალ ლიდერებს, ვინც ჩვენს მეხსიერებასა და ისტორიის წიგნებს ახსოვთ ან დაამახსოვრდებათ, კომპეტენცია, მოხერხებულობა თუ გამბედაობა არასდროს აკლდათ, კვოტით თუ კვოტის გარეშე, ისინი მსოფლიოს გამორჩეულ პოლიტიკოსებად დარჩებიან.