უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ის გადაწყვეტილება თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. მინისტრების განცხადებით, Wizz Air საქართველოში რჩება.
პიტერ სიიარტოს თქმით, პანდემიის გამო Wizz Air იძულებული გახდა ფრენები შეემცირებინა. თუმცა, მისივე განცხადებით, ავიაკომპანიისთვის საქართველოში არსებული ბაზა მნიშვნელოვანია.
"Wizz Air-მა უნგრეთის მოქალაქეები დააბრუნა საქართველოში. საქართველოს მთავრობა ყოველთვის პოზიტიურად უდგებოდა საქართველოს ქმედებებს და მის მუშაობას ხელს უწყობდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს ეკონომიკური მდგომარეობა ახლო მომავალში გამოსწორდება ამ პანდემიის შემდეგ. ეს არის უბრალოდ დროის საკითხი და Wizz Air იპოვის თავის ადგილს მსოფლიოში და თუ ეს მოხდება, ავიაკომპანიისთვის საქართველოში არსებული ბაზა პრიორიტეტული იქნება," - აღნიშნა პიტერ სიიარტომ.
დავით ზალკალიანის თქმით კი, სპეკულაციები, რომლებიც საკითხის გარშემო გავრცელდა, საფუძველს მოკლებულია.
"ვისაუბრეთ Wizz Air-ის შესახებ, რომელიც, როგორც უკვე მოგახსენეთ, ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ევროპასთან მჭიდრო კავშირში. რა თქმა უნდა, ყველაფერი, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში ვისმენდით, არის სპეკულაციები და არ აქვს შეხება რეალობასთან. Wizz Air არსად გადის, რჩება საქართველოში და აგრძელებს ოპერირებას და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ძალიან მჭიდრო კონტაქტში Wizz Air-ის წარმომადგენლობასთან იმისთვის, რომ დავგეგმოთ თანმიმდევრულად ის შესაძლო ფრენები, რომელიც განხორციელდება უახლოეს პერიოდში," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.