პოლიტიკოსებს შორის მორიგი დაპირისპირების მიზეზი ირაკლი კობახიძის შეთავაზება ხდება. "ქართული ოცნების“ ლიდერები ოპონენტებს სთავაზობენ, საარჩევნო უბნიდან 25 მეტრიანი რადიუსის კონტროლთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმდეს, რასაც ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ხელისუფლებას კი სთხოვენ, აიღოს ვალდებულება და ამომრჩეველი ძალადობისგან დაიცვას.
ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ახალი კოდექსი ამომრჩევლებს ზეწოლისგან ვერ დაიცავს და საარჩევნო უბანთან ახლოს არავინ არ უნდა მოძრაობდეს.
პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძის ინიციატივას "ცინიკურს“ უწოდებს.
"ყველაფერი, რაც იყო წინასაარჩევნო კოდექსში და რასაც იყენებდა ეს ხელისუფლება, ფაქტობრივად, დარჩა იგივე. რაც შეეხება ე.წ. 25 მეტრიან ბარიერს, ეს არის ცინიკური ჩანაწერი, სადაც არის ასეთი ნორმა, რომ 25 მეტრის ფარგლებში ფიზიკურად არ შეიძლება შეეხოს ვიღაც ამომრჩეველს. თუ 25 მეტრის მანძილზე ფიზიკურად არ შეიძლება შეეხოს, მაშინ 80 მეტრის მანძილზე შეგიძლია არჩევნებისკენ მიმავალი ადამიანი გააჩეროს ვიღაც კრიმინალმა? ეს უნდა მოიშალოს, საარჩევნო უბანში არ უნდა ჭაჭანებდეს არავინ. ეს არ გააკეთა ქართულმა ოცნებამ და ახლა მემორანდუმის გაფორმება რაღაც 25 მეტრიან ბარიერზე სისულელეა,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ირაკლი კობახიძის ინიციატივის შესახებ შეფასება გააკეთა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ.
"შეიძლება რამე არასწორად მესმის, მაგრამ ცოტა დემაგოგიური განცხადება ხომ არ არის? კანონი თუ იქნება და თუ ამას ოპოზიციური პარტიები არ დაიცავენ, ისინი უბრალოდ კანონის მიხედვით ან დაჯარიმდებიან, ან დაისჯებიან. ამიტომ, კანონს შევასრულებო, ამას საგანგებო მემორანდუმი ნამდვილად არ სჭირდება და ბატონმა კობახიძემ როგორც იურისტმა უნდა იცოდეს. კანონში რაც წერია, ჩვენ იმას, რა თქმა უნდა, ყველაფერს დავემორჩილებით,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ საარჩევო უბნიდან 25 მეტრის რადიუსში იკრძალება სააგიტაციო მასალის განთავსება. ასევე შენობიდან 25 მეტრის მანძილზე დაუშვებელია ამომრჩევლის გადაადგილების შეფერხება.