18 ნოემბერი 2024,   01:45
ვრცლად
შეზღუდვების დაწესებაის უფლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე - ოპოზიცია მთავრობას არაკონსტიტუციურ ქმედებაში ადანაშაულებს

ვადა, რომელშიც მთავრობას პარლამენტისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე სპეციალური შეზღუდვების დაწესება შეუძლია ხანგრძლივდება.

კანონპროექტის მიხედვით ეს პერიოდი 15 ივლისამდე იყო, თუმცა იანვრამდე გადაიდო. დოკუმენტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მას ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მთავრობა შეზღუდვების დაწესების უფლებას არჩევნების პერიოდში ოპოზიციის შევიწროებისთვის იტოვებს.

"ეს არის სახიფათო თამაში, სასოწარკვეთილი ხელისუფლების ქმედებები, როდესაც ფაქტობრივად არაკონსტიტუციურ კანონს იღებს. ფაქტობრივად საგანგებო ვითარებას აგრძელებენ პარლამენტის ნებართვის გარეშე და უსასრულოდ აგრძელებენ ხო?! 6 თვე არის, რომ ჩვენ საგანგებო ვითარებაში ვატარებთ არჩევნებს და ამ დროს, მითუმეტეს წინასაარჩევნოდ ამის გაკეთება არის სრულიად წარმოუდგენელი," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი.

ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ინიციატივას არაკონსტიტუციურს უწოდებს, მათი თქმით ამ კანონით ხელისუფლებას განუსაზღვრელი ძალაუფლება ენიჭება.

"ეს ნიშნავს, რომ 5 თვის განმავლობაში არ აპირებს მთავრობა ეკონომიკის გახსნას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ერთ-ერთი უდიდესი ბერკეტი ჩაიგდო ხელში, როდესაც ნებისმიერი ქალაქის დაკეტვა შეუძლია ხვალვე. ეს არის არჩევნების წინ განუსაზღვრელი უფლებებით აღჭურვა მთავრობისა, რომელსაც რაღაც მომენტში, რაღაც ფორმით აუცილებლად გამოიყენებს "ქართული ოცნება". ამიტომ ვაფრთხილებთ, რომ ნუ ეთამაშებიან ასე ვთქვათ ქვეყანაში სტაბილურობას," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

გარდა ამისა ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ აღნიშნულ კანონპროექტს „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო პერიოდში სათავისოდ გამოიყენებს.

"კორონავირუსი არის და გახდა "ქართული ოცნების" მთავარი მოკავშირე 2020 წლის არჩევნებისთვის და ერთადერთი კორონავირუსთან მეგობრობა და სიახლოვე ხდის გარკვეულწილად რაღაც გარკვეული შანსების თემას უჭერს "ქართულ ოცნებას", შესაბამისად ბუნებრივია, რომ ასე ადვილად მასთან დამშვიდობება არ უნდათ, არც იმ კანონპროექტებთან, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მათ განუსაზღვრელ ძალაუფლებას აძლევს," - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ.

ავტორი: სალომე უერთაშვილი

დღის ამბები