18 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
ეს ცვლილებები მედიაზე კონტროლის გაძლიერებას გამოიწვევს - მესამე სექტორი მარეგულირებელი კომისიის უფლებამოსილების გაზრდაზე

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც მარეგულირებელი კომისიის უფლებამოსილება იზრდება, განცხადებებს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აკეთებენ. 

მესამე სექტორში ამბობენ, რომ ამ ცვლილებების მიხედვით, შესაძლოა მაუწყებლები მართლაც არ მოიაზრებოდნენ, თუმცა ისინი საფრთხეს სამომავლოდ მაინც ხედავენ. 

"ეს ცვლილებები მედიაზე კონტროლის გაძლიერებას და სახელმწიფოს ჩარეულობის გაზრდას გამოიწვევს. ვფიქრობთ, რომ ამაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი რეაგირება უნდა მოახდინოს როგორც საქართველოს საზოგადოებამ ისე ჩვენმა მეგობარმა სახელმწიფოებმა.  მედიის თავისუფლების თვალსაზრისით ეს ძალიან რეგრესული ნაბიჯია," - აცხადებს "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე აღნიშნავს, რომ  სპეციალური მმართველის დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ  მას შეუძლია ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს.

"ბუნებრივია ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ არის დაკავშირებული მაუწყებლებთან, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს რეგულირებაში ექცევა ისეთი დიდი ობიექტები, როგორიცაა "მაგთი", "სილქნეტი" და ასევე რეგიონული მაუწყებლების მნიშვნელოვანი ნაწილი. ისინი პირდაპირ არიან დაკავშირებულები მედიასთან. სპეციალური მმართველის დანიშვნა არ მიჯნავს ერთმანეთისაგან ტელევიზიასა და ელექტრონულ კომუნიკაციას. სპეციალური მმართველის დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ  მას შეუძლია ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს,"- აღნიშნავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე. 

 

დღის ამბები