ამერიკის კონგრესის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების ნაწილის გაყინვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა უარყოფს. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ კანონპროექტი დაინიცირდა სიმართლეს არ შეესაბამება.
"გავრცელდა ინფორმაცია თითქოს რაღაც თანხები გაყინეს და კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ეს ტყუილია. რადგან საუბარია კონგრესის ერთ-ერთი კომიტეტის ერთ-ერთ ქვეკომიტეტში დაინიცირებულ კანონპროექტზე, რომელსაც ჯერ კიდევ ძალიან ბევრი თვე დასჭირდება იმისათვის, რომ სესიამდე მივიდეს და კენჭისყრა ჩატარდეს, ამიტომ ის ფაქტი, რომ კანონპროექტი დაინიცირდა სიმართლეს არ შეესაბამება,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა.
ამერიკის კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების ნაწილს ყინავს. 132 მილიონი დოლარიდან ქვეყანა 15 პროცენტს ვერ მიღებს, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესის კომიტეტებს ანგარიშს არ მიაწვდის საქართველოს მთავრობა ეფექტური მუშაობის შესახებ. ინფორმაციას კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ გაყინვა არ ეხება დახმარების იმ ნაწილს, რომელიც განკუთვნილია დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის, ან გენდერული ძალადობის და მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილის დასახმარებლად.