18 ნოემბერი 2024,   01:53
ვრცლად
დახმარება გარკვეული წინაპირობით - აშშ-ის კონგრესის ინიციატივას ქართული ოპოზიცია სანქციის დაწესებად აფასებს

დოკუმენტში, რომელიც ყოველწლიურად ამერიკიდან საქართველოს დახმარების ზრდას გვამცნობდა, ახალი ჩანაწერი გაჩნდა. 132 025 000 აშშ დოლარი, რომელიც ვაშინგტონმა საქართველოს გამოუყო, მას სრულად აღარ გადაეცემა. თანხის 15 %-ზე წვდომა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა ანგარიშს დადებს ამჯერად სახელმწიფო მდივანი საქართველოს მთავრობის ნაბიჯებზე - სამი კონკრეტული მიმართულებით,რომელიც კონგრესმენებმა ამ მოცემულობაში საკვანძოდ მიიჩნიეს:

განსახილველი დოკუმენტის C პუნქტმა, სადაც უცხოურ ინვესტიციებზეა საუბარი, გია ვოლსკის დღეს "ფრონტერას" მაგალითი გაახსენა. მმართველი გუნდი აქამდეც კონგრესმენების იმ ნაწილის არაინფორმირებულობაზე და, რიგ შემთხვვაში, მიკერძოებულობაზე საუბრობდა, რომელიც საქართველოში ამერიკული ინვესტიციების შევიწროებაზე წერდა. ამ ფონზე ვიცე-სპიკერი ვერ ხედავს იმის პერსპექტივას, რომ ეს სამუშაო დოკუმენტი კონგრესმა მოიწონოს და ამით ქვეყანას ზიანი მიადგეს.

ოპონენტებს, რომლებზეც გია ვოლსკი საუბრობს, რთულად თუ ახსენდებათ ამგვარი დათქმები ამერიკიდან. ოპოზიციის განცხადებით მათთვის მარტივი წარმოსადგენია რატომ ჩაიდო ტექსტში ამგვარი გზავნილი. უმცირესობაში ამბობენ, რომ ეს არის ის სიგნალი, რომელსაც ინტერპრეტაცია სჭირდება.

სიგნალზე და მუქარაზე გაცილებით მეტად აღიქვამენ დოკუმენტს არასაპარლამენტო ოპოზიციაში - მათთვის ტექსტი არაფერია თუ არა სანქცია, რომელიც მათი თქმით აზარალებს მთელს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს.

მმართველი გუნდი სიცრუეს უწოდებს იმას, რა ინტერპრეტაციებიც ტექსტს ოპოზიციაში მოჰყვა. კახა კუჭავასთვის ოპონენტების დღევანდელი გზავნილები იმის ნიშანია, რომ ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიას ქვეყნისთვის დამაზიანებელ ნეგატიურ ნარატივზე ააგებს. პარლამენტის კიდევ ერთი ვიცე-სპიკერი ხაზს უსვამს, რომ კონგრესს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს შეუძლია ახალი პუნქტის შესრულებაზე უარიც თქვას, თუ დაასაბუთებს რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ასეა საჭირო. წარმომადგენელთა პალატის ასიგნებებათა კომიტეტმა ინიციატივაში ისიც მიუთითა, რომ ამერიკული დაფინანსების ნაწილის შეჩერება არ ვრცელდება იმ პროგრამაზე, რაც დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, მედიას, სამოქალაქო სექტორსა და გენდერულ პრობლემებს ეხება.

დღის ამბები