პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე არ იღებს ოპოზიციის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებამ ტურიზმთან დაკავშირებით ფუჭი მოლოდინები შექმნა. ამის შესახებ რომან კაკულიამ "ღამის კურიერში" ისაუბრა. კაკულიას თქმით, ამ მოცემულობიდან ისეთი გამოსავალი, სადაც არცერთი უკმაყოფილო ადამიანი არ იქნება, არ არსებობს.
"როდესაც დასახელდა პირველი ივლისი, არ იგულისხმებოდა მხოლოდ საერთაშორისო ტურიზმი, იგულისხმებოდა ადგილობრივი და მათ შორის, საერთაშორისო ტურიზმიც, მაგრამ საერთაშორისო ტურიზმისადმი ასეთი ამაღლებული მოლოდინები ჩვენ არ გვქონია. ამ მოცემულობიდან, ისეთი გამოსავალი, სადაც არცერთი უკმაყოფილო ადამიანი არ იქნება, სამწუხაროდ, არ არსებობს. აქ მთავარია ითქვას, რა გვქონდა პოზიცია მთავრობას და მე გეუბნებით, რომ ტურიზმის სექტორზე მიუხედავად იმისა, რომ ოპტიმიზმი ნაკლები იყო, ამ გზით არ წავედით, ეს სექტორი უნდა გადარჩენილიყო და ჩვენ გვაქვს იმის ოპტიმიზმი, რომ დაახლოებით ერთ წელწადში მსოფლიოში სხვა ვითარება იქნება.
ჩვენ უნდა გადაგვედგა ნაბიჯები, რომ ვყოფილიყავით მზად შიდა ტურიზმისათვის და ასევე გაგვეკეთებინა ყველაფერი, რომ თუ საერთაშორისო სიტუაცია იქნებოდა შედარებით მართული საერთაშორისო ტურიზმისთვის მზაობა გვქონოდა, მაგრამ მოვლენები განვითარდა ისე როგორც განვითარდა. ახლა თქვენთან ისხდნენ ადამიანები, რომლებიც ზოგი ძალიან გენიოსია, ზოგს ძალიან ფართო ხედვა აქვს და ოქტომბერში მოვა დრო და ყველამ გადაწყვიტოს ვისი გენიალური ხედვა იყო სწორი, მაგრამ ჩვენ წავედით ადამიანების უსაფრთხოების გზით,"- განაცხადა რომან კაკულიამ.