პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ სპეციალისტთა რეკომენდაციების გათვალისწინება - აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილება საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით მისაღებია საპარლამენტო უმრავლესობისთვისაც.
სახელისუფლებო გუნდი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საკოორდინაციო საბჭოზე იმსჯელეს რისკებზე, გააანალიზეს საფრთხეები და საზღვრები კონკრეტულ ქვეყნებთან მხოლოდ ამის შემდეგ გაიხსნა.
"როდესაც ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები ფრენებზე და მიმოსვლებზე ყალიბდება, რასაკვირველია, ის პროფესიონალურად განიხილება და არა ჰაიჰარად. ასე რომ შენიშვნები, წინადადებები, ეს განცხადებები და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები რაც არის შეიძლება საერთოდ იგნორირება გავუკეთოთ. ერთადერთი მიზანი ოპოზიციის არის რომ რაღაც ეჭვები შეიტანოს საზოგადოებაში, თითქოს რაღაც არასწორად კეთდება. დესტრუქციული ოპოზიცია დავარქვით და ზუსტად შეესაბამებიან თავიანთ სახელს. მით უმეტეს თურქეთის თემასთან დაკავშირებით. უმძიმესი მდგომარეობაა და კონტროლი არის საკმაოდ დაბალ დონეზე. ხელისუფლებისთვის შეზღუდვების დაწესება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე კარების გახსნა," - აღნიშნა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქართველომ 5 ქვეყანას საზღვარი გაუხსნა. ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.