დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებული 252 ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო. კომისიის სხდომა ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა. ამ ეტაპზე 212 სამოთახიანი და 40 ერთოთახიანი ბინა ნაწილდება.
"განხილული და შემოტანილი არის 800-ზე მეტი განაცხადი. კომისია მუშაობს კრიტერიუმების მიხედვით ბინების შეფასებაზე და გაცემული იქნება 252 ბინა. თვის ბოლომდე კომისია დაასრულებს ამ მუშაობას. ჩვენ გავეცანით იმ დეტალებს თუ რა კრიტერიუმებით და როგორ იფუნქციონირებს კომისია და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს პროცესიც იქნება აყვანილი კონტროლზე, ვინაიდან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დევნილი მოსახლეობისთვის ეს პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ," - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.
დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფებმა 853 ოჯახის საცხოვრებელი პირობები და საჭიროებები ადგილზე შეისწავლა, მოკვლეული მასალა კი განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა. 252 დევნილი ოჯახი ბინას მუშაობის დასრულების შემდეგ მიიღებს
"კომისიაზე განაცხადები მონიტორინგის მიერ არის წარმოდგენილი. მონიტორინგის სამსახური სპეციალური კრიტერიუმებით აფასებს დევნილის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას. ინფორმაციის გადაფასების შემდეგ წარედგინება კომისიას. კომისიას, რომელიც არის გამჭვირვალე და არის უწყებათაშორისო, კომისიის შემადგენლობაში შედიან სახალხო დამცველის აპარატი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჯანდაცვის სამინისტრო, დევნილთა სააგენტო, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი, სადაც კომისიური წესით ხმათა უმრავლესობით ხდება კონკრეტული საქმის განხილვა და მასზე გადაწყვეტილების მიღება," - განაცხადა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა.