18 ნოემბერი 2024,   01:26
ვრცლად
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივი თანამშრომლობით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ჯგუფის წევრები, საქართველოს მოქალაქეები შ.ა. და დ.კ. სისტემატურად ახდენდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხების ლეგალიზაციას, საქართველოში ნაღდი ფულის სახით შემოტანის და სხვადასხვა ფორმით, საფინანსო/ფულად საკრედიტო სისტემაში განთავსების გზით.

კერძოდ, შ.ა. და დ.კ. 2019 წლის მანძილზე, სხვადასხვა დროს იმყოფებოდნენ კოლუმბიის, გაბონის, ეთიოპიის ფედერაციულ და პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკებში, სადაც ძირითადად ფულადი თანხების კონვერტაციისას აშშ დოლარის/ევროს ყალბი და დაბალი ნომინალების კუპიურების გამოყენებით, შეცდომაში შეჰყავდათ სხვადასხვა ფიზიკური პირები, სავალუტო ჯიხურების და საფინანსო/საკრედიტო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოტყუებით ეუფლებოდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულად თანხებს.

დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით შ.ა.-ს და დ.კ.-ს ფულადი თანხები შემოჰქონდათ საქართველოში. მათი წარმოშობის წყაროს და რეალური ბუნების შენიღბვის მიზნით, საბაჟო დეკლარაციებში უთითებდნენ არასწორ/არასრულყოფილ ინფორმაციას და შემდგომში უძრავ/მოძრავ ქონებებში ინვესტირების, საბანკო ანგარიშებზე განთავსების და მრავლობითი ტრანზაქციების განხორციელების, ასევე სათამაშო აზარტულ თამაშებში ჩართვის და შემდგომში გამოყენების გზით ახდენდნენ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემას.

ზემოაღნიშნული ფორმით შ.ა.-მ და დ.კ.-მ მოახდინეს 239999 აშშ დოლარის და 226 170 ევროს ოდენობის დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლის ლეგალიზაცია, რომლის ნაწილიც - 191 170 ევრო და 999 აშშ დოლარი გამოძიების მიერ ამოღებული იქნა.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაციით, დაკავებული პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ფაქტებზე, ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში ასევე დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები.

2020 წლის 8 ივლისს ორგანიზებული ჯგუფის წევრებს შ.ა.-ს და დ.კ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. 

საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას და საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის მიზნით," - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. 

დღის ამბები