იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი სასამართლო სისტემაში ნეპოტიზმის ფაქტებზე საუბრობს.
მისი თქმით, სისტემა გარე პირებისთვის ჩაკეტილია და იქ მოხვედრა მხოლოდ ნათესაური კავშირებით შესაძლებელი. დასაქმების ეს პრაქტიკა კი, სისტემის სწორად განვითარებას აფერხებს.
საბჭოს არამოსამართლე წევრმა რამდენიმე კონკრეტული მაგალითიც დაასახელა. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ფაქტით დამოუკიდებელი ინსპექტორი და საჯარო სამსახურის ეროვნული ბიურო უნდა დაინტერესდნენ, თუმცა მათ სასამართლოში კლანური სისტემის მხილება არ სურთ.
"სასამართლო სისტემის კარი ღიაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მოსამართლეების ან გავლენიანი პირების ნათესავები არიან. ასეთი მიდგომა ხელს უშლის სასამართლო სისტემაში პროფესიონალიზმის განვითარებას და ყველაფერი კი სასამართლოს მუშაობის ხარისხზე უარყოფითად აისახება. როდესაც საუბარია საჯარო დაწესებულებაზე, უნდა იყოს დაცული ის სტანდარტი, რომ კომპეტენტურობის ნიშნით იყოს არჩეული ხალხი და არა ნათესაური ნიშნით,"- აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.