"პატრიოტთა ალიანსის" ოზურგეთის ორგანიზაციამ ბრიფინგი გამართა, სადაც საქართველოს ჩემპიონს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ამჟამად წინასწარ პატიმრობაში მყოფ იური ლომაძეს თანადგომა გამოუცხადა.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის შოთა გოგიბერიძის განცხადებით, წინასწარი პატიმრობა სპორტსმენსა და მის მეგობრებთან მიმართებაში ზედმეტად მკაცრი ზომაა და საგამოძიებო ორგანოებს ლომაძის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, რათა ლომაძემ სპორტული საქმიანობის გაგრძელება შეძლოს.
"ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობენ, სამართალდამცავ ორგანოშიც თავად გამოცხადდნენ და ამიტომ მათი დაკავების აუცილებლობა არ იყო. იური ლომაძე ჩვენი საამაყო სპორტსმენია და მას, მის ოჯახსა და მწვრთნელებს თანადგომას ვუცხადებთ. საგამოძიებო ორგანოს კი მოვუწოდებთ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას შეძლებისდაგვარად დეტალურად გააცნოს. ასევე, ვითხოვთ, რომ წინასწარი პატიმრობა გათავისუფლებით შეიცვალოს," - განაცხადეს "პატრიოტთა ალიანსის" ოზურგეთის ორგანიზაციაში.