"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ მომზადებულ ანგარიშს, სადაც ორგანიზაცია კორუფციის ნიშნებზე საუბრობს, გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკოსების მხრიდან.
არასამთავრობო ორგანიზაცია გასულ წელს პარტიების დაფინანსების მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. ირკვევა რომ ყველაზე დიდი დაფინანსება "ქართულ ოცნებას" აქვს და შესაბამისად, კითხვები სწორედ მმართველი პარტიის მიმართ არსებობს. შემდეგ მოდის "ევროპული საქართველო" და "პატრიოტთა ალიანსი".
"სახელმწიფო ტენდერებს იგებენ ისეთი კომპანიები, რომლებიც მერე ამ ფულს წირავენ "ქართულ ოცნებას". ანუ, რეალურად გადასახადის გადამხდელების ფული მიდის "ქართული ოცნების" ყულაბაში და ამით არის უკვე განპირობებული ის, რომ ყველაზე დიდი არის ხოლმე რიცხობრივად შემოწირულობები "ქართული ოცნებისა" განსხვავებით სხვა პარტიებისგან. ბუნებრივია, ამას მერე ემატება სხვა ტიპის შავი ფულიც, მათ შორის ივანიშვილის ფული და ეს ყველაფერი განაპირობებს იმ არათანაბარ გარემოს, რომელშიც არიან ხოლმე სხვა პარტიები "ქართულ ოცნებასთან" შედარებით წინასაარჩევნოდ,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრმა, სერგი კაპანაძემ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ არ არსებობს ფაქტი რითიც დასტურდება რომ "ქართულ ოცნებას" ვინმემ თანხა მისი სურვილის საწინააღმდეგოდ შესწირა.
„დაასახელეთ ერთი რომელიმე კონკრეტული ფაქტი, კონკრეტული მტკიცებულებით გაჯერებული, ან რომელიმე სასამართლოს გადაწყვეტილება, რითიც დასტურდება, რომ ქართულ ოცნებას ვინმემ არა ნებაყოფლობით შეაწირა თანხა. არ არსებობს ასეთი. ამიტომ დასკვნა, ნაციონალური მოძრაობის დროს რომ დანაშაულებრივი რეჟიმი იყო, ის ჩაბარდა წარსულს,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.