რა მოხდა 18 ივნისის ღამეს, რა ვიცით დღეს ახალი და რა კითხვები გაჩნდა მას შემდეგ, რაც პოლიციაში ჯერ ავთანდილ ბილანიშვილი დაიკითხა, შემდეგ კი ამავე პერიოდში პოლიციაში მიიყვანეს მამაკაცი, რომელმაც თქვა, რომ დიდუბეში გურამ ამირხანაშვილს სწორედ ის შეხვდა და ეს შეხვედრა იყო შემთხვევითი.
"დღის კურიერის" ეთერში დეტალებზე ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატმა თამარ აბესაძემ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს გული დაწყდა იმაზე, რომ ავთანდილ ბილანიშვილი დამნაშავე არ აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ "კაწრო" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაახლოებით 6 საათის განმავლობაში იკითხებოდა.
"საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ძალიან დაწყდა გული იმაზე, რომ თურმე ავთანდილ ბილანიშვილი დამნაშავე არ ყოფილა. წუხილიც კი გამოხატეს იმაზე, რომ "კაწრო" დამნაშავე არ არის. გუშინ "კაწრო" დაახლოებით 6 საათით იმყოფებოდა გამოკითხვაზე. მას წარუდგინეს 17 ბრალდებულის ფოტო-სურათი და უთხრეს, რომ ისინი ამოეცნო, თუმცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი 17 პირიდან მხოლოდ ერთს - ნიკა ჟვანიას იცნობს შორიდან. მას 18 ივნისის ღამეს, არ ჰქონია კონტაქტი არც ინციდენტში მონაწილე პირებთან და არც მასთან დაკავშირებულ სხვა ადამიანებთან. ავთანდილ ბილანიშვილი ბერა ივანიშვილთან ნამდვილად მეგობრობს, მაგრამ ეს დანაშაული არ არის,"- განაცხადა თამარ აბესაძემ.
ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების შესახებ ტელევიზიით გაიგო. ამასთან "კაწროს" ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფზე გავრცელებულ, მისივე თქმით, არასწორ ინფორმაციას, ოპოზიციასა და მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს.
"ავთანდილ ბილანიშვილი ოპოზიციური პარტიის ბოლშევიკური სქემის მსხვერპლია, უნდათ დაიწყონ ბილანიშვილით, რომ შემდეგ საარჩევნოდ ჰქონდეთ სალაპარაკო," - აღნიშნავს "კაწროს" ადვოკატი.
რატომ მივიდა ავთანდილ ბილანიშვილი შს სამინისტროში? - ამაზე მისი ადვოკატი პასუხობს, რომ ეს გადაწყვეტილება მისი დაცვის ქვეშ მყოფმა თავისი ნებით მიიღო.
"ავთანდილ ბილანიშვილი თავისი ნებით გამოცხადდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, რადგან მის უახლოეს მეგობარს, მის გამო ჩრდილი ადგება. ეს მისი მოქალაქეობრივი და მეგობრული ვალი იყო,"- აცხადებს თამარ აბესაძე.
ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კიდევ ერთხელ იყოს გამოყენებული ოპოზიციის მიერ საარჩევნოდ, ბრძოლის მეთოდად.
"ოპოზიციური პარტიის გეგმამ არ გაამართლა, მაგრამ ჩვენ კვლავ ველოდებით მსგავს დარტყმას. შესაძლოა, ბილანიშვილის პიროვნება კიდევ რაღაცაში იყოს გამოყენებული ოპოზიციის მიერ საარჩევნოდ ბრძოლის მეთოდად,"- განაცხადა "კაწროს" ადვოკატმა თამარ აბესაძემ.