შაქარაშვილის საქმეს უკრაინიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქვეყანაში 90-იანი წლების კრიმინალური ვითარება დაბრუნდა, რაშიც ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს.
ყოფილი პრეზიდენტი ვიდეო მიმართვაში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზეც საუბრობს - "გპირდებით, მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში", ამბობს სააკაშვილი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ამ განცხადებას უკვე მოჰყვა თბილისში პოლიტიკოსების გამოხმაურებები.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკშვილის აზრი უამრავი ქართველისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"მიხეილ სააკაშვილი არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერი უამრავი ქართველისათვის. მისი აზრი კი, მათთვის დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, როდესაც ის გარკვეულ განცხადებებს აკეთებს, ძალიან ბევრი ადამიანი უსმენს. მისი უფლებაა შეაფასოს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მიხეილ სააკაშვილი ჩვენი ქვეყნიდან პოლიტიკურად დევნილია," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი.
მიხეილ სააკაშვილის გუნდის ყოფილი წევრი და უკვე ახალი პარტიის - "ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია კი აცხადებს, რომ სააკაშვილის შანსები მის პოლიტიკურ გუნდთან კავშირში არ არის და მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის გუნდის გადასაწყვეტია ვინ იქნება არჩევნებზე წინა და შუა ხაზზე.
"სააკაშვილის შანსები ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან კავშირში არ არის. მას თავისი პოლიტიკური პარტია აქვს და იქ რას იზამს ეს მისი საქმეა. ვინ იქნება მათ წინა და შუა ხაზზე ეს მათი გადასაწყვეტია"- აღნიშნავს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგია ბოკერია.
ავტორი: სალომე უერთაშვილი