კონგრესში წარდგენილ კანონპროექტს, რომლითაც საქართველოს შესაძლოა შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი დახმარების 15% შეუჩერდეს, რამდენიმე პირობა დაემატა. დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო მდივანმა უნდა განსაზღვროს და საბიუჯეტო კომიტეტს მოახსენოს, რომ საქართველოს მთავრობა ქმედით ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუციების გასაგრძელებლად.
ოპოზიციაში, კონგრესში წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ის დარტყმას აყენებს როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე პარტნიორი ქვეყნის ინტერესებს.
"ეს წუხილები გამოხატავს სამწუხაროდ იმ რეალობას, რომელიც საქართველოში არის შექმნილი ივანიშვილის წყალობით, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ხალხის ინტერესებს და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინტერესებს. ანუ, სამმაგ დარტყმას გვაყენებს. როცა ასეთ ჩიხში შეგყავს ქვეყანა, რამდენი ლობისტიც არ უნდა იქირაო და რამდენი კამპანიაც არ უდნა აწარმოო, ეს ვერ შეცვლის ვითარებას, იმიტომ რომ აქ რაც ხდება, ეს არის განუსაზღვრელი ამბავი," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე სანქციების საფრთხეზე საუბრობს. მისი თქმით, თუკი ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება, სანქციები დაუწესდება როგორც ბიძინა ივანიშვილს, ისე ქვეყანას.
"დავდექით ჩვენ სანქციების საფრთხის წინაშე. ის მშვიდი განცხადებები, ვითომდა ხელისუფლების მხრიდან, რომ ეს არ არის ჯერ კანონი და ეს არის კანონპროექტი, ეს კიდევ უფრო სიბრიყვეა ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ რომ კანონპროექტიც კი რომ დარჩეს და ძალაში არ შევიდეს პირველ ეტაპზე, ეს მაინც საგანგაშო უნდა იყოს ხელისუფლებისთვის, იმიტომ რომ ეს ნიშნავს იმას, რომ თუ არჩევნები არ ჩატარდება ნორმალურად და ეს არ იქნება მართლა სამაგალითო არჩევნები, სანქციები დაუწესდება ივანიშვილსაც და ქვეყანასაც," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შალვა ნათელაშვილი კი მიიჩნევს, რომ კონგრესში წარდგენილი კანონპროექტი მალე კონკრეტული სანქციების სახეს მიიღებს.
"ძალიან მალე, აღნიშნული პუნქტები, რომელსაც არეგისტრირებენ სენატორები და კონგრესმენები, გადაიქცევა კონკრეტულ სანქციებად ივანიშვილის მილიარდიან ქონებაზე. ეს არის გარდაუვალი ხვალინდელი დღე," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.