"ძალა ერთობაშია" საარჩევნო სიებზე და ერთიან სტრატეგიაზე მსჯელობს. პოლიტიკური გაერთიანება დღეს შეხვედრას მინუს ერთი პარტიით მართავს.
დაანონსებულ შეკრებაზე თავდაპირველად არ გამოცხადდა "ნაციონალური მოძრაობა". თუმცა "ძალა ერთობაშიას" პარტიებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ მოლაპარაკებების პროცესში ყოფილი სახელისუფლებო გუნდი პოზიციას შეიცვლიდა და მათთან ერთად, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებოდა. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო.
"ყველა "ძალა ერთობის" სუბიექტი არის მომხრე იმაზე, რომ ერთიანი იყოს ამ საარჩევნო სისტემაში, რადგანაც ამოცანა ხელისუფლების ცვლილებაა. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", როგორც ვატყობ ისინი შიდა კონსულტაციებს მართავენ იყოს თუ არა ერთობაში," - აცხადებს "საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაია.
ორგანიზაციის "საქართველო ლიდერთა შორის" დამფუძნებელი მამუკა გამყრელიძე აღნიშნავს, რომ როდესაც "ნაციონალურ მოძრაობას" უჭირდა, მაშინ ისინი გვერდით დაუდგნენ, ახლა კი მათი დროა.
"მაშინ, როდესაც "ნაციონალურ მოძრაობასთან" არავის უნდოდა ურთიერთობა, სწორედ ამ დროს დავუდექით მათ გვერდით, მიხეილ სააკაშვილმა ეს მრავალჯერ აღნიშნა. თუ მაში, როდესაც მე შენ გჭირდებოდი და თქვენს გვერდით ვიყავი და ეს კარგი იყო, ახლა რატომ არ უნდა იყოს კარგი? ერთი რამე ზუსტად ვიცი, თუკი ერთად არ გავალთ არჩევნებზე, ოპოზიცია დამარცხდება,"- აღნიშნავს საზოგადოებრივი ორგანიზაციის "საქართველო ლიდერთა შორის" დამფუძნებელი მამუკა გამყრელიძე.
"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ არის პრობლემები იმასთან დაკავშირებით თუ რა ფორმატით გავა ოპოზიცია არჩევნებზე.
"არის პრობლემები იმასთან დაკავშირებით თუ რა ფორმატით გავდივართ არჩევნებზე. ჩვენ გვაქვს დიდი ოპოზიციური ბლოკი, ეს არის მაჟორიტარული, სადაც გაცილებით მეტი ოპოზიცური პარტიაა, ვიდრე "ძალა ერთობაშიას" შემთხვევაში, აქედან გამომდინარე სტრატეგიაზე მალე უნდა ჩამოვყალიბდეთ, ეს დრო დიდხანს ვერ გაიწელება,"- აცხადებს "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.