18 ნოემბერი 2024,   01:58
ვრცლად
ბოლნისის, დმანისის, წალკისა და თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" სავარაუდოდ გოგი მეშველიანი იქნება

ბოლნისის, დმანისის, წალკისა და თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" სავარაუდოდ გოგი მეშველიანი იქნება. ამას "კურიერთან" თავად დეპუტატი ადასტურებს.

მისი თქმით, საკითხზე მასთან კონსულტაციები უკვე გავლილია და საბოლოო გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს. 

"ჩვენ გვქონდა ხელმძღვანელობასთან გარკვეული საუბრები და დღეს შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ ეს გითხრათ, რომ ჩემი კანდიდატურა განიხილება მაჟორიტარობის კანდიდატად, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარტიის პოლიტსაბჭო, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ მაქვს," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის" თავმჯდომარის მოადგილემ გოგი მეშველიანმა.

საკითხს ადასტურებს უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძეც. მისი თქმით, გადაწყვეტილება პრაქტიკულად მიღებულია, თუმცა ოფიციალურად ის ცნობილი უახლოეს დღეებში, უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ გახდება.

"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გოგი მეშველიანის კანდიდატურა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. საბოლოო გადაწყვეტილება მომდევნო დღეებში იქნება," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

გოგი მეშველიანი მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი და ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატია. ის "ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის" - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრიცაა. იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ერთობლივი ინსპექციის კოორდინატორი. ასევე შემოსავლების სამინისტროს მარნეულის ზონალური საგადასახადო ინსპექციის უფროსი.

დღის ამბები