აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის, ასიგნებების კომიტეტის გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით საერთაშორისო მედია ეხმაურება, გამოცემა eurasianet-ის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის სანაცვლოდ, სპეციალური მოთხოვნები დაუწესა.
როგორც 2021 ფისკალური წლის სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციების და დახმარების კანონპროექტშია აღნიშნული, თუკი თბილისი მიიღებს ზომებს დემოკრატიული ინსტიტუციების გასაძლიერებლად, შეეცდება ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ რეფორმების გატარებას, დაიცავს ქვეყანაში მოქმედი უცხოური ბიზნესის წარმომადგენლებს, შეერთებული შტატები მზად არის იყოს საქართველოსთვის უახლოესი პარტნიორი რეგიონში.
გამოცემა დეტალურად განიხილავს იმ გარემოებებსაც, რომლის მიხედვითაც შესაძლოა საქართველოს დახმარება შეუჩერდეს და ამავდროულად საუბარია 132 025 000 დოლარიდან რა ნაწილს მიიღებს საქართველო ნებისმიერ შემთხვევაში.
შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესის ის კომიტეტი, რომელიც ამერიკულ ფულს განკარგავს, საქართველოს დასახმარებელი ფულის 132 მილიონის 15%-ის გასაცემად მაიკ პომპეოსგან გარანტიების მოსმენა ითხოვს, რომ საქართველო ნამდვილად დემოკრატიულად ვითარდება, კორუფციას ებრძვის და არც უცხოურ ინვესტიციებთან აქვს პრობლემა. ოპოზიცია მსგავს პირობებს სანქციის დაწესების ტოლფასად მიიჩნევს, უმრავლესობა კი მიიჩნევს რომ ამ პირობის გამოყენება საჭირო არ იქნება, რადგან საქართველო დემოკრატიული პრინციპების ერთგულია.
ასიგნებათა კომიტეტში დამტკიცებულ კანონპროექტს თან ანგარიშიც ახლავს, რომელიც კანონქვემდებარე აქტს არ წარმოადგენს, თუმცა მასში ის საკითხებია თავმოყრილი, რომლის გატანაც დოკუმენტში კონგრესმენების ნაწილს სურდა, მასში ოლიგარქიულ გავლენებზე და მედიის, მესამე სექტორისა და პოლიტიკური ოპონენტების შევიწროვებაზეა საუბარი. ეს ჩანაწერი კანონის საბოლოო კანონპროექტში ვერ მოხვდა.