"ევროპული საქართველო" ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რეგულარული ფრენები დაანონსებული რამდენიმე მიმართულების გარდა, ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებთანაც აღადგინოს, ან ევროკავშირის იმ ქვეყნებთან მაინც, რომლებსაც კარგი ეპიდემიოლოგიური მონაცემები აქვთ. გიორგი კანდელაკის განცხადებით, შეზღუდვების შენარჩუნების გამო, ძალიან მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ ის ადამიანები, ვინც ტურიზმის სექტორზე იყვნენ დამოკიდებულები.
"საქართველოს მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო კონკრეტულად ახორციელებს ერთგვარ ზეწოლას ავიაკომპანიებზე, რომ მათ დანიშნონ თუნდაც ამ "გამწვანებული" ქვეყნებიდან რაც შეიძლება ცოტა ფრენა. მაგალითად, ერთ-ერთ ავიაკომპანიას უნდა, რომ იფრინოს კვირაში 3-ჯერ და ეკონომიკის სამინისტრო ეუბნება, რომ იფრინოს ერთხელ. რბილად რომ ვთქვათ, ეს არის მცდარი და ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან დამაზიანებელი მიდგომა.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობას, რომ დისკრიმინაციული კარანტინის მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეების მიმართ, იმ შემთხვევაში, თუკი ისინი იმყოფებოდნენ "გამწვანებულ" ქვეყნებში, უნდა გაუქმდეს," - აცხადებს გიორგი კანდელაკი.
შეგახსენებთ საქართველომ კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილი საზღვარი უპირობოდ გახსნა ევროპის 5 ქვეყნისთვის, ესენია საფრანგეთი, გერმანია, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი.