ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშს, სადაც საუბარია საქართველოდან ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების გააქტიურებისა და მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებით, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა. დავით სონღულაშვილი საუბრობს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს თითოეული მოქალაქე გაუფრთხილდეს იმ მონაპოვარს, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს ვიზა-ლიბერალიზაციის სახით აქვს.
დავით სონღულაშვილი ძირითად აქცენტს ევროკომისიის პოზიტიურ გზავნილებზე აკეთებს.
"ხაზგასმულია ორგანიზებული დანაშაულების წინაღმდეგ ბრძოლის სტრატეგია, რომელიც შექმნილია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და ასევე, პოზიტიურად არის აღნიშნულ კორუფციასთან ბრძოლის სტრატეგია. რეკომენდაცია, რომელიც აღნიშნული ანგარიშიდან უნდა გავითვალისწინოთ არის ის, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ ყველამ რეკომენდაციას, რომელიც საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ევროკავშირს აქვს, რადგან ის დიდი მონაპოვარი, როგორიც არის ევროპასთან უვიზო მიმოსვლა გასაფრთხილებელია,"- აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი.
ეს უკვე მესამე ანგარიშია სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, რომელიც მიმოიხილავს ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, როგორ ასრულებენ აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოები დათქმულ პირობებს. თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვით საქართველო კვლავ ლიდერობს.