ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და დაკავების ფაქტს ეხმაურება.
"ვგმობთ გასროლისა და დაკავების ფაქტს, რაც კიდევ ერთი გამოვლინებაა სიტუაციის გამწვავებისკენ მიმართული პროვოკაციული ქმედებებისა, რასაც რუსეთის მიერ მართული ძალები ამ ბოლო კვირების განმავლობაში ახორციელებენ. მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ამ ინციდენტის დროს დაკავებული საქართველოს მოქალაქე," - ნათქვამია განცხადებაში.
საელჩო რუსულ მხარეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებების შესრულებისა და საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე 3 დღის წინ კასპის რაიონის ტერიტორიიდან, ტყეში ყოფნის დროს გაიტაცეს. უკანონო დაკავების დროს მას რუსმა ოკუპანტებმა ფეხში ესროლეს. გავრცელებული ინფორმაციით, გახელაძე ახალგორის საავადმყოფოდან ცხინვალში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.