18 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
ხარაგაულის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ თანამდებობა დატოვა

ხარაგაულის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია მერმა სოციალური ქსელით გაავრცელა.  

ნიკოლოზ თოფურიძე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება რამდენიმე თვით ადრე მიიღო, მაგრამ გუბერნატორის და გუნდის თხოვნით ამ თანამდებობას ინარჩუნებდა. წასვლის მიზეზად თოფურიძე საკუთარ სურვილს ასახელებს და ამბობს, რომ რჩება "ქართული ოცნების" გუნდში და აგრძელებს მათთან ერთად მუშაობას.

"ჩემო ძვირფასო ხარაგაულელებო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო მერის თანამდებობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გტოვებთ თქვენ. მე ვრჩები "ქართული ოცნების" გუნდში, ვაგრძელებ მათთან ერთად მუშაობას და ყოველთვის ვეცდები თქვენთვის სასარგებლო საქმე ვაკეთო.

აღნიშნული გადაწყვეტილება მე რამდენიმე თვით ადრე მქონდა მიღებული, მაგრამ გუბერნატორის და გუნდის თხოვნით ამ თანამდებობას ვინარჩუნებდი, რადგან ამას კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარება ითხოვდა და საჭირო იყო ერთობლივი ძალისხმევა, რაც ვფიქრობ, გამოგვივიდა კოორდინირებული მუშაობით.
დამეთანხმებით, საკრებულოსთან ნაყოფიერი მუშაობით შევძელით მუნიციპალიტეტისთვის საჭირო ბევრი საქმის გაკეთება, რაც ასევე გაგრძელდება და თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე კიდევ ბევრი პროექტი განხორციელდება.

მე დღეს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებით მივმართავ ხარაგაულის საკრებულოს, ჩემს მოვალეობას კი ჩემი მოადგილე თეიმურაზ ჩხეიძე შეასრულებს.

მადლობას გიხდით ნდობისთვის და საერთო საქმისთვის საჭირო თანადგომისთვის, გჯეროდეთ, ხარაგაულზე და ხარაგაულელებზე ჩემი ფიქრი აქ და ამით არ მთავრდება," - წერს თოფურიძე.

წელს იმერეთში თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე სამმა არჩეულმა მერმა დატოვა.

ოპოზიციის წევრების თქმით, მერს გადადგომა სუსმა და გუბერნიამ აიძულა.

"პირადი განცხადება არის ფორმალური სახე. პირადი განცხადების საფუძველზე მერები არ მიდიან. მერებს ატოვებინებენ თანამდებობებს. ეს არის გუბერნიიდან და სუსიდან წამოსული საკითხი, რომელიც მას დააწერინეს განცხადება და გაუშვეს. აქ იყო შიდა დაპირისპირება, საკრებულოში, მერიაში," - განაცხადა ხარაგაულის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თორნიკე ავალიშვილმა.

ოპოზიციის მოსაზრებებს საკითხთან დაკავშირებით აბსურდულს უწოდებენ მმართველ გუნდში.

"ოპოზიცია ძალიან ბევრ რამეს ამბობს და ამბობს ტყუილებს. რა შუაშია სუსი?! ის პანდემიამდე აპირებდა გადადგომას, მაგრამ ბატონი გუბერნატორის თხოვნით დარჩა ეს პერიოდი," - აღნიშნა ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარემ მანანა ბარბაქაძემ.

დღის ამბები