გახშირებული გატაცების გამო, ხელისუფლების ტონის გამკაცრებას ითხოვს ოპოზიცია. მათივე თქმით, მხოლოდ ზეპირი განცხადებები არასაკმარისია. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ჩადენილი დანაშაულებისთვის არავის დასჯა და სანქცირება არ ხდება.
პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ხელისუფლების დამთბობ პოლიტიკაზე საუბრობს და ამბობს, რომ სანამ ქართული მხარე პრინციპული არ იქნება, ოკუპანტის მხრიდან დანაშაულის ჩადება არ შეწყდება.
"სანამ არ იქნება მკაცრი მოთხოვნა საერთაშორისო პარტნიორებისა და მსოფლიო თანამეგობრობის მიმართ, რომ შეწყდეს ოკუპანტების პარპაში, სანამ იქნება დათმობების პოლიტიკა, ყოველთვის განმეორდება ის, რაც არა ერთხელ ყოფილა, გატაცებები, მკვლელობები, საოკუპაციო ხაზის გადმოწევა და ა.შ. პირველ რიგში, ხელისუფლება უნდა იყოს პრინციპული,“ -განაცხადა რომან გოცირიძემ.
პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ამბობს, რომ წინა პერიოდში ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხი არავის უგია.
"საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება აუცილებელია, ამას მოჰყვება ხოლმე განცხადებები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამის იქით საქმე არ მიდის, რაც აძლევს დე-ფაქტო ხელისუფლებას თუ მართ მხარდამჭერებს რუსეთში, რომ გააგრძელონ ეს პოლიტიკა, იმიტომ რომ არავის სანქცირება არ ხდება, არავის დასჯა არ ხდება და წინა პერიოდში ჩადენილი დანაშაულებისთვისაც არავის პასუხი, ჯერჯერობით, არ უგია. ამიტომ, ეს არის ახლა მისახედი საქმე და აქ არის ძალიან სერიოზული მოქმედება გასატარებელი,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.
"ქართული ოცნება" კი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქართული მხარე საოკუპაციო რეჟიმის წინააღდეგ ყველაფერს აკეთებს.
"რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ისევ აგრძელებს საქართველოში თავის მტრულ და მავნებლურ ქმედებებს, რომლის შედეგიც დღეს კიდევ ვნახეთ. ქართული მხარე ყოველთვის ყველაფერს აკეთებს მაქსიმუმს. თუ ვინმე ამბობს ამ ქვეყანაში, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციის ნაკლებობა არის ამ მიმართულებით განსაკუთრებით, ის უბრალოდ არ იცნობს ქართული ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებს, მისი კომუნიკაციის ინტენსივობას,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.