პარლამენტი ელექტრონულ კომუნიკაციების კანონში შესატანი ცვლილებების საკომიტეტო განხილვას რამდენიმე წუთში დაიწყებს. კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ კანონის მიღება ემსახურება ერთის მხრივ ბიზნესის განვითარებას.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ოპონენტების კრიტიკას პასუხობს და ამბობს, რომ კანონი ემსახურება იმას, რომ დაცული იყოს ბალანსი კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ რისკებსა და ბიზნეს ინტერესებს შორის.
"ჩვენ ვმსჯელობდით თითოეულ რისკთან დაკავშირებით, რომ ბალანსი იყოს დაცული ერთი მხრივ კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ რისკებთან და აქ საქმე ეხება ეროვნულ ინტერესებს, და მეორე მხრივ ბიზნეს ინტერესებთან. საბოლოო ჯამში მივიღებთ საკანონმდებლო ცვლილებებს და ამ ცვლილებების სახით პროდუქტს, რომელიც არც ერთ მხარეს და არც მეორეს არა თუ დააზიანებს, არამედ ხელს შეუწყობს განვითარებაში და სახელმწიფოს სწორ სტრატეგიას შეუწყობს ხელს. თავის დროზე, მსგავსი ნორმების შემუშავებაზე რომ ეფიქრა, "ნაციონალური მოძრაობა" ვერ მოახერხებდა სტრატეგიული ობიექტების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი მიეყიდა ოკუპანტი ქვეყნისთვის,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.