საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტს "დღის კურიერში" სტუმრობისას "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ეხმაურება.
ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის ნებართვის გარეშე არ შეიძლება შეიზღუდოს მოქალაქეების უფლებები.
"მე მინდა მკაფიოდ გითხრათ, მე ამ ჩანაწერს ვეწინააღმდეგები იმიტომ კი არა რომ ახლა "ქართული ოცნებაა" მთავრობაში, ამას მე ვეწინააღმდეგები ვინც არ უნდა იყოს მთავრობაში მაშინაც კი. არჩევნების შედეგად "ქართული ოცნება" შეიცვლება, მაგრამ "ევროპული საქართველოც" რომ მოვიდეს მთავრობაში არ შეიძლება ნებისმიერ მთავრობას მიეცეს უფლება შეზღუდოს მოქალაქეების პოლიტიკური და სამართლებრივი უფლებები ისე, რომ არ მოვიდეს პარლამენტში და არ დაადასტუროს მთელი საზოგადოების წინაშე რომ ამის გაკეთება აუცილებელია," - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდს საკუთარი დეპუტატების იმედი არ აქვს, რადგან ის დეპუტატები, რომლებიც საარჩევნო სიაში ვერ მოხვდებიან, შესაძლოა პარლამენტში წარდგენის დროს საგანგებო მდგომარეობას მხარი არ დაუჭირონ.
"პრობლემა ჩვენ მხარდაჭერაში კი არ არის, პრობლემა არის თვითონ უმრავლესობის დეპუტატების მოგროვებაში სექტემბერში ღმერთმა არ დაგვაჭირვოს, თუ საგანგებო მდგომარეობას დასჭირდა პარლამენტის დადასტურება. იმედი არ აქვთ, იმიტომ რომ მანამდე "ქართული ოცნების" პროპორციული სია შედგება, მანამდე გაირკვევა, ვინ რომელ ოლქში იქნება მაჟორიტარი და დღევანდელი დეპუტატები, ვინც ვერ მოხვდებიან, არ აქვთ იმედი, რომ მათ სექტემბერში შეკრებენ და საგანგებო მდგომარეობას ისინი მხარს დაუჭერენ.
ჩვენ საღი აზრიდან და მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში თუ მთავრობა კონკრეტულ კრიტერიუმებს დებს - რა შემთხვევაში უნდა გამოცხადდეს ეპიდემიოლოგიურად საგანგებო მდგომარეობა და თუ ამ სურათს წარმოადგენენ, ჩვენ მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე მხარს დავუჭერდით. მაგრამ საკუთარივე "ოცნების" დეპუტატების იმედი არ აქვთ, რომლებიც ვერ მოხვდებიან სიაში, ამიტომ უნდათ დღეს ამ არაკონსტიტუციური უფლებამოსილებების მიცემა მთავრობისთვის," - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის თანახმად, მთავრობას ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება 2020 წლის ბოლომდე უხანგრძლივდება.