პარლამენტის ფრაქცია ”დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კობერიძე ამბობს, რომ თუკი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღება აუცილებელი გახდება, მათი მხარდაჭერა აუცილებლად ექნება. თუმცა, დეპუტატი ამბობს, რომ ეს მხოლოდ "მთავრობის ხუშტური“ არ უნდა იყოს.
"ქართული ოცნების წევრებისგან არ გვესწავლება, რომ ადამიანის ჯანმრთელობა არის უპირველესი და უზენაესი და პირველ რიგში უნდა გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას. უბრალოდ, "ქართული ოცნების" უმრავლესობა ეშმაკურად, პიარულად ცდილობს, რომ გადმოაბრალოს ოპოზიციას, თითქოს ის ზრუნავს მხოლოდ ჯანმრთელობაზე და ოპოზიციას თურმე ამაზე სხვა შეხედულებები გააჩნია. ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, პირველი ამოსავალი წერტილი არის სწორედ რომ ჯანმრთელობა და ნაკლები ზიანი მოგვადგეს ამ ვირუსისგან და მე ყველას შევახსენებ, რომ პირველად, როდესაც საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნით შემოვიდა მთავრობა პარლამენტში, ერთსულოვნად, მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა, მიუხედავად შეხედულებებისა და პარტიული კუთვნილებისა, ყველამ მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის შემოღებას ქვეყანაში,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.
ის ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღებას თავისი კრიტერიუმები აქვს, რაზეც განმარტებას ჯანდაცვის მინისტრისგან ითხოვენ.
"საგანგებო მდგომარეობის შემოღებას, ეპიდემიოლოგიურ სურათს აქვს თავისი პროგნოზი, აქვს თავისი კრიტერიუმები, მაჩვენებლები. ამას ვეკითხებით ჩვენ ჯანდაცვის მინისტრს, რომელიც არასდროს არ მოვიდა ჯანდაცვის კომიტეტში ამ თემებზე სამსჯელოდ, რომ რა ითვლება სიტუაციის დამძიმებად, რამდენი დაავადებული, რამდენი გარდაცვლილი,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.
შეგახსენებთ, რომ "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის თანახმად, მთავრობას ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება 2020 წლის ბოლომდე უხანგრძლივდება.