კანონპროექტი, რომელიც პანდემიის პერიოდში მთავრობას სათანადო რეგულაციების მიღებისა და საჭირო ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას აძლევს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის აზრთა სხვადასხვაობის კიდევ ერთი მიზეზი გახდა. ოპოზიცია მასში ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საშუალებას ხედავს, რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება აქვს უმრავლესობას.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, კანონპროექტის ავტორი დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ სწორედ ეს კანონპროექტი იძლევა იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის და მძიმე რეგულაციების საჭიროება არ დადგეს. ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა:
"მე არ ველოდები, მაგრამ თუ ეპიდვითარება ისე გართულდა, რომ საჭირო გახდა საგანგებო ვითარება და არ იქნა საკმარისი საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ რეგულაციები, რა თქმა უნდა, ამის საჭიროება დადგება, მაგრამ აქამდე რომ არ მივიდეთ, სწორედ ამიტომ არ უნდა დავტოვოთ ღია სივრცე და სწორედ ამიტომ მსუბუქი რეგულაციები უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას, რომ ეს კრიზისი მართოს და არ მივიდეთ იმ სცენარზე, რომ იყოს საგანგებო მდგომარეობა, ჩაკეტვები, მძიმე რეგულაციები და არჩევნები დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ამ კანონის მნიშვნელობა არის სწორედ ის, რომ ჩვენ ვმართოთ მსუბუქი რეგულაციებით პროცესი, რომ არ დაგვჭირდეს მძიმე რეგულაციები და საგანგებო მდგომარეობა, ანუ არ გაგვირთულდეს ქვეყანაში ეპიდვითარება, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს მოსახლეობის ჯანმრთელობა, ქვეყნის უსაფრთხოება და არჩევნები.
ოპოზიციას სურს, რომ მძიმე სცენარით წავიდეთ, რომ არჩევნები მინიმუმ გადაიდოს, ან იმხელა უკმაყოფილება გაჩნდეს საზოგადოებაში, რომ ხელისუფლებისკენ მოხდეს მერე ხელის გაშვერა და გადაიფაროს ის პოზიტიური შედეგი, რაც არის აქამდე, საზოგადოებასთან ერთად მოტანილი და რითიც აშკარად გაიზარდა ხელისუფლების რეიტინგი, მაგრამ ეს არის დამსახურებული შეფასება.
ნუ ეშინიათ, თუკი ქვეყნას პოზიტიურ შედეგს მოუტანს პარტია თუ ხელისუფლება, ეს არ უნდა ხდებოდეს საფრთხე სხვა პარტიული დაჯუფებისთვის. ნეგატივზე მოგებული არჩევნების სურვილი არ უნდა ჰქონდეთ, ეს უკვე არის მავნებლობა," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, რომ "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის თანახმად, მთავრობას ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება 2020 წლის ბოლომდე უხანგრძლივდება.