მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შეზღუდვების დაწესებას 2020 წლის ბოლომდე ნებისმიერ დროს შეძლებს. ვადა გახანგრძლივებულია, "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა 79 ხმით დაამტკიცა. ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე შეეძლება.
კანონის მიღებას ოპონენტების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა, დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე აპირებს სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს:
"მე ამ კანონის წინააღმდეგი ვარ, საერთოდ ვაპირებ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართო და სარჩელი შევიტანო ამ საკითხთან დაკავშირებით. პარლამენტმა დღეს ნებაყოფლობით, კაპიტულანტურად გადასცა თავისი უფლება-მოვალეობები მთავრობას. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდი ისტორიული მეხსიერება შექმნა დღეს პარლამენტმა," - განაცხადა ლევან კობერიძემ.
დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ხელისუფლებას დემაგოგიაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ხელისუფლების პასუხი კრიტიკაზე არის ისეთი, თითქოს მათ ადამიანებზე ზრუნვას უშლის ვინმე:
"მაინტერესებს, ისინი ვინც მომხრე იყო და ხმა მისცა, ნეტა თუ არ გრძნობენ უხერხულობას იმის გამო, რომ ანტიკონსტიტუციურ კანონს მეორედ იღებენ, მე არ ვარ ზრუნვის მოწინააღმდეგე, ეს არის სრული დემაგოგია, რომ როცა ეკამათები და ეუბნები, რომ ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ამბობენ "აა! არ ვიზრუნოთ?", გეუბნები იზრუნე, მაგრამ კანონის დაცვით იზრუნე," - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
ოპოზიციის განცხადებებს არაკომპეტენტურს უწოდებს უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი. მისი თქმით, აღნიშნული კანონი სწრაფი და მოქნილი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას იძლევა, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვასთან ერთად არ შეფერხდეს ქვეყნის განვითარება:
"ამ შემთხვევაში ან საქმე გვაქვს იმასთან , რომ ისინი ვერ აცნობიერებენ ბოლომდე, რა ვითარებაა, ან სპეციალურად ხდება იმ მიღწევის დაკნინება, რაც საქართველოს გააჩნია კოვიდ19 თან ბრძოლის პირობებში. ეს კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ერთის მხრივ დავიცვათ საზოგადოების ჯანმრთელობა და მეორეს მხრივ, არ შეფერხდეს ქვეყნის განვითარება და ასევე მნიშვნელოვანია, რომ არსებული საფრთხეების შემთხვევაში მთავრობას ჰქონდეს სწრაფი და მოქნილი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.