პარლამენტში ელექტრონული კომუნიკაციების კანონში შესატანი ცვლილებები აზრთა სხვადასხვაობის და განხილვის საგანია.
ძირითადი კითხვები დროებითი მმართველის დანიშვნას ეხება, თუ რა პრინციპით მოხდება მისი ჩარევა კომპანიების საქმიანობაში.
ელექტრონულ კომუნიკაციების კანონში შესატანი ცვლილებებს ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ კანონით ბიზნესი და საინვესტიციო გარემო დაზარალდება.
"მიაყენებს ძალიან დიდ ზიანს მთლიანად ამ სფეროს. ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივასაც, ისევე როგორც ზოგადად ამ სფეროში არსებულ მდგომარეობასაც. ამიტომ ამ კანონის გატანა ასეთი დაჩქარებული წესით იქნება ძალიან დიდი შეცდომა და მე მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგა პარლამენტარებს, რომ ამ ნაბიჯს ნუ გადადგამენ. დააზიანებენ სექტორს ისე, რომ მერე ამისი გამოსწორება იქნება ძალიან ძნელი თუ შეუძლებელი არა," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ.
"უნდა იქნას გაწვეული, თორემ ან კანონის მიღება ბიზნესზე მოახდენს უკიდურესად ნეგატიურ გავლენას და ამავე დროს საქართველოს რეიტინგი ბიზნესის კეთების, სინამდვილეში, ძალიან მნიშვნელოვნად დაიხევს უკან. ასევე, გავლენას მოახდენს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობაზე," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.
"როგორც ჩანს, რეალურად, რეგულატორი და კომპანიები ერთმანეთთან დახურულ შეხვედრაზე შეთანხმებას ვერ აღწევენ. მინდა გითხრათ, რომ საერთოდ არასწორი ფორმატია, იმიტომ, რომ მათ შეთანხმების საგანი კი არ არის ყველაზე მთავარი, მთავარი არის საზოგადოებრივი ინტერესი რაც დაცული უნდა იყოს პარლამენტში საჯარო განხილვის დროს," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ.
მმართველ გუნდში კი, საპირისპიროს ამტკიცებენ. "ქართული ოცნების" განმარტებით კანონში ცვლილებების შეტანა დაიცავს ბალანსს კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ რისკებსა და ბიზნეს ინტერესებს შორის.
"ჩვენ ვმსჯელობდით თითოეულ რისკთან დაკავშირებით, რომ ბალანსი იყოს დაცული ერთის მხრივ, კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ რისკებთან და აქ საქმე ეხება ეროვნულ ინტერესებს და მეორეს მხრივ, ბიზნეს ინტერესებს. საბოლოო ჯამში მივიღებთ საკანონდებლო ცვლილებებს და ამ ცვლილებების სახით პროდუქტს, რომელიც არც ერთ მხარეს და არც მეორე მხარეს არათუ დააზიანებს, არამედ ხელს შეუწყობს განვითარებაში და სახელწიფოს სწორ სტრატეგიას შეუწყობს ხელს. თავის დროზე მსგავსი ნორმების შემუშავებაზე ვინმეს რომ ეფიქრა "ნაციონალური მოძრაობა" ვერ მოახერხებდა სტრატეგიული ობიექტების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი მიეყიდა ოკუპანტი ქვეყნისათვის", - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, კომუნიკაციების კომისიას დამატებითი ფუნქციები ენიჭება. კანონპროექტის თანახმად, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია, დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.