ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ერთიანი საქართველოს ლიდერი გამოეხმაურა. ნინო ბურჯანაძისთვის საგანგებო მდგომარეობის გარეშე, მთავრობისთვის შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობა მიუღებელია.
პარტიაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება გაზრდილ ძალაუფლებას საარჩევნოდ გამოიყენებს.
"მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინოს შენიშვნები, რომელიც არის და ნებისმიერი შეზღუდვა დააწესოს პარლამენტთან, თუმდაც პოსტფაქტუმ შეთანხმების შედეგად. მაგრამ, ცხადია, რომ ხელისუფლებას, ისედაც გაუქმებული პარლამენტი საერთოდ უნდა, რომ გააუქმოს და ცხადია, რომ ხელისუფლება შეეცდება პანდემიის საშიშროებით ისარგებლოს, დაზაფროს ადამიანები, ისტერიული გარემო შექმნას და პანდემიის ქოლგის ქვეშ ჩაატაროს არჩევნები,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტს, რომელიც "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში და "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ცვლილების შეტანას ითვალისწინებს და მთავრობას სათანადო რეგულაციების მიღებისა და საჭირო ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას წლის ბოლომდე აძლევს, პარლამენტმა მხარი დაუჭირა. კანონპროექტს 79 მომხრე ჰყავდა და წინააღმდეგ 1 დეპუტატი წავიდა.
ამ ცვლილებების თანახმად, მსოფლიო პანდემიასთან დაკავშირებით, მთავრობას ახალი ვადით ეძლევა შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, როგორც ეს ამავე კანონში მაისში შეტანილი ცვლილებებით 15 ივლისამდე იყო დაშვებული. ინიცირებული კანონპროექტით ეს ვადა 2021 წლის 1 იანვრამდე ხანგრძლივდება.