18 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
ხმაურიანი ცვლილებები დამტკიცებულია - მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება 2021 წლის 1 იანვრამდე ექნება 

ხმაურიანი ცვლილებების განხილვა საკანონმდებლო ორგანოში მწვავე პოლიტიკური დებატებისა და კამათის ფონზე ხმაურიანად გაგრძელდა. "ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით, "ევროპული საქართველოს" წევრებმა პოლიტიკური დემარში ერთი დღით შეწყვიტეს და სხდომათა დარბაზში შევიდნენ. საპარლამენტო ოპოზიციისთვის კანონი ანტიკონსტიტუციურია და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს.

სხდომას ესწრებოდნენ, თუმცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის მოქმედების ვადის გახანგრძლივებას არ ემხრობიან არც "დამოუკიდებელი დეპუტატები". მათ ინიციატივაც ჰქონდათ, რომ ამ საკითხზე პარლამენტს არა დაჩქარებული წესით, არამედ სექტემბერში ემსჯელა. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ გადაწყვეტილებით საპარლამენტო რესპუბლიკაში საკანონმდებლო ორგანო მაკონტროლებლის ფუნქციას კარგავს, გახარიას კაბინეტს კი განუსაზღვრელ უფლებამოსილებას აძლევს. ინიციატივაში ავტორიტარიზმის ნიშნებსაც ხედავენ და რეგულაციების დაწესებას წინასაარჩევნო პროცესებს უკავშირებენ. კანონმდებლების ნაწილი დავის საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელებასაც გეგმავს.

სხდომაზე პოლიტიკოსებმა ერთმანეთს პოლიტიკური წარსულიც გაახსენეს და ერთმანეთი დემაგოგიაშიც დაადანაშაულეს. მმართველი პარტიის წევრებმა ოპონენტები პოლიტიკურ სპეკულაციებში დღეს არაერთხელ დაადანაშაულეს.

უმრავლესობის წევრები და ცვლილებების ინიციატორები ამტკიცებდნენ, რომ მათი მთავარი მოტივაციაა საზოგადოების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ისიც, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების შემთხვევაში, მთავრობის მოქმედებები დროული და ოპერატიული იყოს. დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ COVID-19-ის მეორე ტალღა, შესაძლოა, დამანგრეველიც კი იყოს. 

79 მომხრე ერთი წინააღმდეგი - ხმაურიანი და სადავო ცვლილებები უკვე დამტკიცებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი 6 თვის განმავლობაში მთავრობას შესაძლებლობა ექნება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შესაბამისად - პარლამენტის შეკრების გარეშე, ნებისმიერი შეზღუდვა დააწესოს.  

მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე შეეძლება. 

დღის ამბები