თბილისის მერის განცხადებით, 10 სექტემბრიდან პეკინის გამზირზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება, 10 აგვისტოდან კი აღნიშნულ ტერიტორიაზე ათ სხვადასხვა ლოკაციაზე მუნიციპალური პავილიონები განთავსდება, რომლებიც ადგილობრივ მცხოვრებლებს რეგისტრაციაში დაეხმარება, იმისთვის, რომ მათ მფლობელობაში არსებული ავტომანქანები უფასოდ დააპარკინგონ. აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
"ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებაა ისე, რომ მოქალაქეებმა კერძო ავტომობილების ნაცვლად, პრიორიტეტი სწორედ საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიანიჭოს.იცით, რომ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს - დაწყებული გვაქვს ავტობუსების ჩანაცვლება, მეტროს ვაგონებისა და თავად მეტროსადგურების რეაბილიტაცია. გარდა ამისა, ვმუშაობთ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვაზე, რომელიც კოტე აფხაზის ქუჩის შემდეგ, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე წარმატებით ხორციელდება.
ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის ამოქმედების შემდგომი ეტაპი საბურთალოს რაიონი იქნება. სისტემის დანერგვას პეკინის გამზირით დავიწყებთ.
ამ მიზნით, 10 აგვისტოს, ათ სხვადასხვა ლოკაციაზე მუნიციპალური პავილიონები განთავსდება, რომლებიც ადგილობრივ მცხოვრებლებს რეგისტრაციაში დაეხმარება, იმისთვის, რომ მათ მფლობელობაში არსებული ავტომანქანები უფასოდ დააპარკინგონ. ასევე, დაიწყება საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებშიც, მოსახლეობას ფასიან ზონასთან დაკავშირებით, დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით, ისევე, როგორც ქალაქის ვიზიტორებს.
მიმდინარე წლის 10 სექტემბრიდან პეკინის გამზირზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება და ერთი საათის საფასური ამ შემთხვევაშიც, ერთი ლარი იქნება, რომლის გადახდაც შესაძლებელი იქნება ტერიტორიაზე განთავსებული ნებისმიერი უახლოესი სწრაფი გადახდის აპარატიდან, ისევე, როგორც ჩვენს მიერ შექმნილი სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით.
მინდა დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ თანმიმდევრულად მოახდინეთ მოსახლეობის ინფორმირება და ყველა ეტაპის წარმატებით განხორციელება ისე, რომ 10 სექტემბრიდან პეკინის გამზირზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდეს," - განაცხადა კახა კალაძემ.