18 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
ჯარიმა სამშენებლო ნარჩენით გარემოს დაბინძურებაზე ფიზიკური პირის მიმართ 25-ჯერ, ხოლო იურიდიულის მიმართ 10-ჯერ გაიზარდა - კახა კალაძე

თბილისი მერის თქმით, ქალაქისთვის დიდი გამოწვევაა სამედიცინო და ინერტული ნარჩენები, აქამდე დაწესებული სანქციები კი არაეფექტური აღმოჩნდა, ამიტომ საჭირო გახდა სანქციის ოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა, რაშიც დედაქალაქის მთავრობას მხარი პარლამენტმაც დაუჭირა:

"სამედიცინო ნარჩენი ანტისანიტარიისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების პირველი წყაროა, ინერტული კი პირდაპირ ქალაქის ვიზუალზე აისახება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავაქტიურდით და თითოეულ სამართალდარღვევაზე თბილისის მუნიციპალური ინსპექცია შესაბამის რეაგირებას ახდენს, აჯარიმებს ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს, სანქციები არაეფექტიანი აღმოჩდა, რადგან სამართალდამრღვევი პირები ჯარიმებს იხდიდნენ და ნარჩენებით გარემოს დაბინძურებას განაგრძობდნენ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭირო გახდა სანქციის ოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა, რისთვისაც რამდენიმე თვის წინ შევიმუშავეთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, მივმართეთ პარლამენტს, რომ ჩვენს მიერ მომზადებული წინადადება განეხილა. პარლამენტმა მხარი დაგვიჭირა და სანქციების მნიშვნელოვანი ზრდა მოხდა.

"ნარჩენების მართვის კოდექსში" შეტანილი ცვლილებების თანახმად, სამშენებლო ნარჩენით გარემოს დაბინძურებაზე ფიზიკური პირის მიმართ ჯარიმა 25-ჯერ, ხოლო იურიდიულის მიმართ 10-ჯერ გაიზარდა. სამედიცინო ნარჩენის შემთხვევაში, ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ სანქცია გაზრდილია 10-ჯერ.

რაც შეეხება ჯარიმების ოდენობას, სახიფათო (სამედიცინო) ნარჩენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 500 ლარის ნაცვლად, დაჯარიმდება - 5 000 ლარით, იურიდიული  პირი 1 000 ლარის ნაცვლად - 10 000 ლარით, ხოლო სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 200 ლარის ნაცვლად - 5 000 ლარით, იურიდიული პირი კი - 1 500 ლარის ნაცვლად, 15 000 ლარით დაჯარიმდება," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები