თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით კულტურის სფეროს დაფინანსება იზრდება. თბილისის მერის განცხადებით, პანდემიამ ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანები მნიშვნელოვნად დააზარალა, რის გამოც კონკრეტული შეღავათები დაწესდება. კერძო სექტორის მოთხოვნის საპასუხოდ მერია აკეთებს შეთავაზებას კაფე-ბარებისა და ღამის კლუბებისთვის, პანდემიის პირობებში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ფართებთან დაკავშირებით. კონკრეტული ფართები დროებით კაფე-ბარებისა და ღამის კლუბების მფლობელებს გადასახადების გარეშე გადაეცემათ.
"ეტაპობრივად შედგა შეხვედრები კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლებთან, რომლებმაც არსებული პრობლემებისა და გამოწვევების დასაძლევად, საკუთარი პოზიცია და ხედვები გაგვიზიარეს. ჩვენი მხრიდან, გავაცანით ჩვენი შესაძლებლობები და მოსაზრებები. შესაბამისად, პოსტკრიზისულ გეგმაზე მუშაობისას, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ მათი რეკომენდაციები.
ამ შეხვედრების შედეგად, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, არა თუ შეამციროს, არამედ - გაზარდოს კულტურის სფეროს დაფინანსება. გარდა ამისა, გარკვეულწილად, გამარტივდა პროექტების დაფინანსების პროცედურები და დაემატა კულტურის სფეროს რამდენიმე მიმართულება," - განაცხადა კალაძემ