საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) შესაძლოა, უფლებამოსილი გახდეს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომუშავე კომპანიებს 5 პროცენტზე უფრო მეტი წილის/აქციების გასხვისება აუკრძალოს.
კანონპროექტს დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.
როგორც ცნობილია, ოპოზიცია აღნიშნულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. ოპოზიციის წევრები ცვლილების განხორციელებსი შემთხვევაში გარკვეულწილად საფრთხეებს ხედავენ. მათი თქმით, ინიცირებული კანონპროექტი კომპანიების უფლებებს ზღუდავს და ეს არის კერძო სექტორის საქმიანობაში ჩარევა.
"კანონპროექტი არღვევს საკუთრების უფლებას. უხეშად ერევა კომპანიების საინვესტიციო საქმიანობაში. უკარგავს არამხოლოდ ამ დარგს, არამედ ქვეყანას საინვესტიციო მიმზიდველობას, ქმნის კორუფციის საფუძველს და ხელისუფლების უკონტროლო და განუკითხავი ჩარევის პირობებს. ეს იქნება ამ ბიზნესის შეფერხების ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორი," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.
"ევროპული საქართველოს" წევრის გიგი წერეთლის განცხადებით, მარეგულირებლის ჩარევა წილების გასხვისებაში არის ცუდი ნიშანი. გიგი წერეთელი ვარაუდობს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ ხელისუფლებას მეტი ბერკეტი სურს და ამ მიზეზით ცდილობს ამ კანონის გატანას.
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის დავით ჭიჭინაძე კი, აღნიშნული კანონპროექტის მიღებას არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ დოკუმენტს მეტი შინაარსობრივი განხილვა სჭირდება.