ხელისუფლების ოპონენტები საპარლამენტო არჩევნების დროს ირაკლი კობახიძის საარჩევნო შტაბის უფროსად დანიშვნას აფასებენ.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი, ფაქტს, საზოგადოების დაცინვად აფასებს და აღნიშნავს, რომ სწორედ კობახიძე იყო ის პიროვნება, ვისი გადადგომის მოთხოვნითაც დაიწყო 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ფართო მასშტაბური აქციები.
"ირაკლი კობახიძის როლი 20 ივნისის მოვლენებში, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. პროტესტი, სწორედ ირაკლი კობახიძის გადადგომის მოთხოვნით დაიწყო, რასაც მან ცინიკლურად უპასუხა, ეს კი ის ტონია, რომლითაც საზოგადოებას ესაუბრება. ამიტომ, თუ "ქართული ოცნება" მას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშნავს, ამით კიდევ ერთხელ დაარწმუნებს ჩვენს საზოგადოებას, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. ამ მიმართულებით კი, ეს იქნება ოპოზიციის დახმარება და ხელის წაკვრა," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი.
"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე კი აცხადებს, რომ ივანიშვილის მიერ კობახიძის არჩევა ზუსტად მეტყველებს იმაზე, თუ როგორი წინასაარჩევნო კამპანია იქნება.
"ივანიშვილის მიერ კობახიძის არჩევა ზუსტად მეტყველებს იმაზე, თუ როგორი წინასაარჩევნო კამპანია იქნება. ეს იქნება ძალადობის, ტალახის სროლისა და სიძულვილის ენის გამოყენების კამპანია, რომელიც ყველანაირი არგუმენტისგან იქნება დაცლილი. ამათ ჰგონიათ რომ ისევ 9 წელზე საუბრითა და ტყუილების გავრცელებით მოიგებენ არჩევნებს," - აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი სერგი კაპანაძე.