დატოვებენ თუ არა "ძალა ერთობაშიას" თაკო ჩარკვიანი და გიორგი ვაშაძე - პოლიტიკოსებს ამ საკითხის დასაზუსტებლად განცხადებების გაკეთება უწევთ.
როგორც ირკვევა, ჯერჯერობით, საბოლოო პოზიცია მათ ჩამოყალიბებული არ აქვთ და გაურკვეველია, ვინ დარჩება ოპოზიციური გაერთიანების ამ შემადგენლობაში.
ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება გიორგი ვაშაძემ და აღნიშნა, რომ მას არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია და კოალიციას არ ტოვებს.
"დიდი ერთიანობა, თავისი მრავალფეროვნებით არის გამარჯვების ფორმულა. მაჟორიტარულ ოლქებში მაქსიმალურად ფართო თანამშრომლობა და პროპორციულ ნაწილში ყველა ოპოზიციური ხმის წამოღება, რომ რაც შეიძლება ნაკლები დარჩეს "ქართულ ოცნებას".
30%-ზე მეტს, გარანტიას ვაძლევ საქართველოს მოსახლეობას, რომ "ქართული ოცნება" ვერ აიღებს. მე არსად არ მითქვამს, რომ ვინმე გადის ან გამოდის,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაკო ჩარკვიანი "კურიერთან" საუბრობდა, რომ შესაძლებელი იყო გიორგი ვაშაძესთან ერთად ცალკე ბლოკი შეექმნა, თუმცა მისი თქმით ეს მოხდებოდა მხოლოდდამხოლოდ მაშინ, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" კოალიციას დატოვებდა.
"ნაციონალური მოძრაობა" კი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და აღნიშნავენ, რომ ლოგიკას არ ექვემდებარება ეს განცხადება. მათ არ უარყვეს, რომ საარჩევნო სიის ფორმირებასთან დაკავშირებით არიან პარტიები,რომლებიც მეტი უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ.
"აბსოლუტურად უსაფუძვლოა ეს საუბრები, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გაერთიანებული ოპოზიციის დატოვების შესახებ, რადგან "გაერთიანებული ოპოზიცია" ჩვენი შექმნილია და არის ბრენდი, ამიტომ ამის დატოვებაზე საუბარი ზედმეტია,"- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა კი აცხადებს, რომ "გაერთიანებული ოპოზიციის" შეთანხმებები ძალაში რჩება და ამ ეტაპზე არავინ აპირებს კოალიციის დატოვებას.