18 ნოემბერი 2024,   01:53
ვრცლად
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონპროექტით ხელისუფლება კომპანიების მართვას ცდილობს

"ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე გავა. განხილვამ დებატებისა და კამათის გარეშე ჩაიარა. მომხსენებელი სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიას მოადგილე იყო.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ცვლილებებით სახელმწიფო ელექტრო და წყალმომმარაგებელი კომპანიების მართვას ცდილობს.

"როდესაც 5%-ზე მეტი წილის გაყიდვა ენერგეტიკაში უნდა შეუთანხმდეს ვიღაცას, 5%-ზე მეტი ქონების გაყიდვა, ასევე, უნდა შეუთანხმო მარეგულირებელს. ასეთი მმართველები მოაჯდება ყველა სფეროს და დამოკიდებული იქნება ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილზე, თუ რა ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული ამ ბიზნესში," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.

"საქართველოს მთავრობას უნდა ჰქონდეს გარკვეული ბერკეტები უსაფრთხოების - ეკონომიკური იქნება ეს თუ რეგიონალური, ასევე ენერგოუსაფრთხოების დაცვის საშუალება უნდა ჰქონდეს, თუმცა ეს არ უნდა ხორციელდებოდეს ისეთი კანონპროექტების მეშვეობით, რომელიც საკუთრების უფლებას ხელყოფს. რეალურად, ეს გამოიწვევს, საბოლოო ჯამში იმას, რომ რეალურად, ენერგეტიკა, როგორც დარგი, სადაც კერძო ბიზნესმა უნდა აკეთოს ინვესტიცია, შეიძლება გაქრეს და გახდეს მილევადი," - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ.

თავის მხრივ, საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია განმარტავს, თუ რა დოკუმენტაციის წარდგენა მოუწევს შემსყიდველ კომპანიას მარეგულირებელი კომისიისთვის. 

"5%-იანი ან მეტი წილის გასხვისების შემთხვევაში ეს წინასწარ შეთანხმდება მარეგულირებელ კომისიასთან. წარმოსადგენი იქნება მყიდველი პირის სადამფუძნებლო დოკუმენტები, აუდიტის დასკვნა და ფინანსური სახსრების წარმომავლობის დოკუმენტი. სხვა დოკუმენტაცია არ იქნება მოთხოვნილი. ეს ძალიან მკაფიოდ დაზუსტდა კანონპროექტში, რომ არაუგვიანეს სამი თვისა, მივცემთ ჩვენ დასკვნას და თანხმობას წილის შესყიდვასთან დაკავშირებით. ერთადერთი, ვისაც არ მოუწევს მარეგულირებელ კომისიასთან შეთანხმება, ეს არის ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი სახელმწიფოების ფიზიკურ და იურიდიულ პირები," - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) შესაძლოა, უფლებამოსილი გახდეს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომუშავე კომპანიებს 5 პროცენტზე უფრო მეტი წილის/აქციების გასხვისება აუკრძალოს.

დღის ამბები