პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ მომზადებული კანონპროექტი, თუმცა, ჯერჯერობით, საკითხის კენჭისყრა არ დაწყებულა.
დეპუტატებს კანონის მიზნობრიობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა. ბექა დოჭვირის მოხსენების შემდეგ დაისვა კითხვებიც. როგორც ცნობილია, მთავარი შენიშვნა უკავშირდება ეროვნული კომისიისთვის უფლების მინიჭებას, რომ ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, დროებითი მმართველი დაუნიშნოს ორგანიზაციას, სადაც გარკვეული რისკები გამოიკვეთება.
რატომ გახდა საჭირო პროექტის დაჩქარებული წესით მიღება, რა შემთხვევაში ნიშნავს დროებითი მმართველის დანიშვნის საკითხს სასამართლო და კანონპროექტის მიღების შემთხვევაში შეიზღუდება თუ არა საკუთრების უფლება - ეს იყო ძირითადი კითხვები, რაც დაისვა დღეს ოპოზიციისა და დამოუკიდებელი დეპუტატების მხრიდან. მათ სხდომათა დარბაზშივე დააკონკრეტეს, რომ კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებენ, რადგანაც რისკებს ხედავენ, რომ აღსრულების მექანიზმი სახელმწიფომ ბოროტად გამოიყენოს. ისინი ხედავენ საფრთხესაც, რომ დაზარალდება საინვესტიციო გარემო.
"როგორც ჩანს ამ ქვეყანაში თავისუფალი სივრცეების სერიოზული შეზღუდვა მიმდინარეობს იმისთვის, რომ კორუმპირებულმა ელიტამ ნელ-ნელა ხელში ჩაიგდოს და დაეპატრონოს სხვის ქონებას. რატომ გახდა დღეს ამ კანონპროექტის ასეთი დაჩქარებული წესით შემოტანა აუცილებელი? ხომ არ არის აქ პოლიტიკური კომპონენტი, რომ უბრალოდ თავისუფალი სივრცეები არ დარჩეს?" - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი ლევან გოგიჩაიშვილი.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით მომხსენებელს განმარტებების გაკეთება მოუხდა იმასთან დაკავშირებით, რომ ცვლილებების მიღების მიზანი არის ერთის მხრივ მომხმარებლის უფლებების დაცვა, ასევე ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა და ასევე ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცება.
"სანქცირება, საკმაოდ მკაცრი მექანიზმი, კომისიას ისედაც გააჩნია, მაგრამ დროებითი მმართველი თავისი ბუნებით არ გახლავთ სანქცირების ინსტრუმენტი. დროებითი მმართველი არის აღსრულების ინსტრუმენტი, ანუ დროებითი მმართველის ინსტიტუტი შემოგვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უფრო ეფექტურად იქნეს აღსრულებული იმისათვის, რომ არ მოხდეს კომპანიის საბოლოო გაჩერება და ამითი მოხდეს როგორც კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა, ასევე ჩვენი მომხმარებლების ინტერესების დაცვა," - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ და საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრმა კითხვა დასვა, აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემდეგ ელოდება თუ არა ხელისუფლება ამ სფეროში დიდ ინვესტიციებს?
"ასეთი თეორიული სცენარი რომ წარმოიდგინოთ, რომ მაგალითად ჩვენთან მოქმედი რომელიმე ოპერატორი, "სილქნეთის", "მაგთის" მაგალითად, ან რომელიმე სხვისი, წილი 10% იყიდა ვთქვათ "დოიჩე ტელეკომის" რომელიმე ფილიალმა, მერე "დოიჩე ტელეკომის" სათაო ოფისმა თავისი აქციების 5% გაყიდა, ოღონდ ეს გააკეთა ბუნებრივია ბატონი ბექაურისთვის შეტყობინების გარეშე, როგორც ხდება ხოლმე. ამ კანონის მიხედვით, თქვენ იტოვებთ უფლებას, რომ ჯერ დააჯარიმოთ იმიტომ, რომ არ შეგატყობინათ, მერე მოთხოვოთ გაუქმება ამ ტრანსაქციის და ეს თუ არ გააკეთა, და ალბათ არც გააკეთებს, შეიყვანოთ იქ დროებითი მმართველი უვადოდ, ხო სწორია? ასე მესმის მე ეს კანონი. ახლა მაქვს კითხვა, ამის მერე ამ სფეროში დიდ ინვესტიციებს ელოდებით?" - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრმა სერგი კაპანაძემ.
როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ და საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა უპასუხა, მას ეჭვი არ ეპარება, რომ აღნიშნული მიმართულებით ინვესტიციები ხორციელდება და კვლავაც განხორციელდება.
"კომუნიკაციის რეგულაციები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არის დარეგულირებული. ეჭვი არ მეპარება, რომ ინვესტიციები ხორციელდება და კვლავაც განხორციელდება ამ სექტორში და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას ვერ მეტყვით, სადაც ეს სფერო დარეგულირებული არ არის," – აცხადებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ნუკრი ქანთარია დაინტერესდა, ცვლილებების მიღება პრობლემების თავმოყრამ გამოიწვია, თუ რომელიმე ოპერატორმა მასზე დაკისრებული გადასახადის გადახდაზე უარი განაცხად.
"პრობლემამ მოიყარა თავი ნელ-ნელა და იძულებული გახდით, რომ ასეთი რაღაც შუალედური მოფიქრებულიყო, თუ უცბად დაიდო რაღაც დიდი, რომელიმე ოპერატორმა თქვა, რომ არ ვიხდი, არც გადავიხდი და მიდით აბა რაც გინდათ ის გააკეთეთ?" - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
რაზეც ბექა დოჭვირმა უპასუხა, რომ ეს პრობლემა უცებ არ წარმოშობილა და იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც კომისია სანქცირებას ახდენდა, ხოლო კომპანიები არ ახდენდნენ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებას.
"უცებ არ წარმოშობილა ეს პრობლემა, კომისიის თვითონ საქმიანობიდან გამომდინარეც, როდესაც კომისია მაგალითად რაღაც სანქცირებას ახდენდა და თვითონ კომპანიები არ ახდენდნენ მერე ამ გადაწყვეტილების აღსრულებას, ბუნებრივია, რომ ისეთი რისკი მომავალშიც არსებობს. გარკვეული პრევენცია, რომ მოხდეს მომავალში ასეთი საქმიანობის, მაქედან გამომდინარე ხდება აღნიშნული ჩანაწერის გაკეთება," - აცადებს ბექა დოჭვირი.
შეგახსენებთ, რომ "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, კომუნიკაციების კომისიას დამატებითი ფუნქციები ენიჭება. კანონპროექტის თანახმად, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია, დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.