18 ნოემბერი 2024,   01:44
ვრცლად
სერგი კაპანაძე ვერ უარყოფს, რომ ინტერესთა კონფლიქტი აქვს გუშინ განხილულ საკითხთან დაკავშირებით - ნინო წილოსანი

ოპოზიციის ნაწილის კრიტიკას ელექტრონული კომუნიკაციების კანონპროექტის მისამართით უმრავლესობა ინტერესთა კონფლიქტით ხსნის. საუბარია სერგი კაპანაძეზე, რომლის ძმაც არის ერთ-ერთი პროვაიდერის "კავკასუს ონლაინის" იურისტი. როგორც უმრავლესობის წევრები განმარტავენ, კანონპროექტში ჩართულობით მან  ეთიკის კოდექსი დაარღვია.

"მე ვეცადე, რომ ამ განცხადებამდე არ მისულიყო საქმე, თუმცა თავად სერგი კაპანაძემ უარყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ის, რა თქმა უნდა, ვერ უარყოფს იმას, რომ მას აქვს ინტერესთა კონფლიქტი გუშინ განხილულ საკითხთან დაკავშირებით. სერგი კაპანაძემ აღნიშნული განცხადება არ გააკეთა და დამალა, პირიქით, უარყო. მე მინდა მას მოვუწოდო, რომ ნუ დაარღვევს  კანონს. ასევე მინდა მოვუწოდო, რომ მას აქვს ვალდებულება არა მარტო მთლიანად საზოგადოებისთვის, არამედ თუნდაც მისი ამომრჩევლისთვის, რომ მათ იცოდნენ რა ინტერესი შეიძლება ამოძრავებდეს სერგი კაპანაძეს და მისი გუნდის წევრებს, რომლებიც იმ მომენტში, არც კომიტეტის წევრებს არ წარმოადგენდნენ. უბრალოდ, გარკვეული დაინტერესებიდან გამომდინარე აქტიურობდნენ კომიტეტზე," – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

მედიასთან თავად სერგი კაპანაძესაც მოუხდა განმარტებების გაკეთება იმის შესახებ, თუ რატომ თვლის, რომ ამით ეთიკის კოდექსი არ დაირღვა.

"ძალიან ბევრი კითხვა დაისვა, მათ შორის, ჩემი მხრიდანაც, მაგრამ არა მარტო ჩემი მხრიდან და როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ მონა დეპუტატებს, რომლებიც აქ მარტო იმიტომ არიან, რომ ღილაკს ხელი დააჭირონ, იმის გამო, რომ პასუხები არა აქვთ იმ კითხვებზე, რაც დაისვა, ახლა მოიგონეს რაღაც ტალახის ახალი გზა, რომ თურმე, მე მაქვს რაღაც ინტერესთა კონფლიქტი. ელემენტარული გადამოწმების ამბავია. ჩემი ძმა იურისტი არის ნამდვილად და ბევრ კომპანიას ემსახურება, ოღონდ არაფერი კავშირი ამას ინტერესთა კონფლიქტთან, პარლამენტის წევრთან, არა აქვს, უბრალოდ, ბუნებაში არ არსებობს მსგავსი რაღაც," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ელექტრონულ კომუნიკაციების კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ინტერესთა კონფლიქტზე კამათი იყო გუშინ დარგობრივ კომიტეტში, სადაც საკითხზე მსჯელობა გვიანობამდე გაგრძელდა. დეპუტატმა ნინო წილოსანმა კითხვით მიმართა სერგი კაპანაძეს, უკავშირდებოდა თუ არა ოპოზიციის განსაკუთრებული ინტერესი ამ კანონპროექტის მიმართ იმ ფაქტს, რომ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრის ძმა კერძო კომპანიის წარმომადგენელია. საუბარია "კავკასუს ონალიანზე", რომელსაც არსებული ინფორმაციით, კომისია რამდენიმე დარღვევაში ადანაშაულებს.

დღის ამბები