18 ნოემბერი 2024,   01:53
ვრცლად
გაერთიანებულ ოპოზიციაში დაპირისპირება არ არის, თაკო ჩარკვიანს იმის მიუხედავად, რომ კოალიციის წევრია, უფლება აქვს საკუთარი აზრი ჰქონდეს - გიორგი ვაშაძე

ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში "ძალა ერთობაშია" არანაირი დაპირისპირება არ არის. ვაშაძე აცხადებს, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს უფლება თავისი დამოუკიდებელი მოსაზრების გამოხატვის უფლება, რაზეც კოალიციის შიგნით მსჯელობა მიმდინარეობს. ამის შესახებ მან "დღის კურიერში" განაცხადა. 

ვაშაძის თქმით, პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანს, იმის მიუხედავად, რომ კოალიციის წევრია, უფლება აქვს საკუთარი აზრი ჰქონდეს.

"ერთმანეთთან დაპირისპირებას ადგილი არ აქვს. ადგილი აქვს მსჯელობას, აბსოლუტურად რაციონალურს და ადეკვატურს, თუ როგორი საარჩევნო სტრატეგიით უნდა წარვდგეთ. გამარჯვების ფორმულაა მრავალფეროვანი ერთიანობა. ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა ოპოზიციამ, უფრო ფართო გაერთიანებაა მაჟორიტარული ოლქების სახით და ფართო თანამშრომლობაა.

ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს უფლება თავისი დამოუკიდებელი მოსაზრება გამოთქვას დამოუკიდებლად. საქართველოში ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ კოალიციური მმართველობა და უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის იქნება და ყველას თავისი პოზიცია ექნება. მაგრამ ფუნდამენტური სხვაობა არ არის. თაკო ჩარკვიანმა თავისი პოზიცია თქვა და კონსტიტუციით აქვს ეს უფლება და ვერავინ ვერ შეუზღუდავს. ქალბატონმა თაკომ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, მე მის პოზიციას პატივს ვცემ და მზად ვარ განვიხილო მისი პოზიცია. კოალიცია არ ნიშნავს, რომ ერთ პარტიაში ვართ სულ ყველა. ყველას საკუთარი გუნდი ჰყავს, ის გუნდი გარკვეულ სტრატეგიას აყალიბებს. მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, დავხუროთ ეს საკითხი," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

დღის ამბები