18 ნოემბერი 2024,   01:42
ვრცლად
ვაპირებ ოპოზიციის ერთიანი ფრონტი შევინარჩუნო, რადგან ოპოზიციის ერთმანეთზე თავდასხმა მხოლოდ ივანიშვილს აწყობს - გიორგი ვაშაძე

"დღის კურიერის" ეთერში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის გიორგი ბარამიძის წინა დღეებში გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ "ახალი საქართველოს" ლიდერის მიმართ ნდობა დაკარგულია, რადგან მან თანაპარტიელები მძიმე პერიოდში მიატოვა - განცხადების ადრესატი გიორგი ვაშაძე პასუხობს:

"ზოგადად, გიორგი ბარამიძის განცხადებებს, მისი ბევრი თანაპარტიელიც არ დაეთანხმა, მე მის განცხადებებს არ ვუპასუხე, რადგანაც თუ რამე არის ბიძინა ივანიშვილისთვის საინტერესო, ეს გახლავთ ოპოზიციის ერთმანეთზე თავდასხმა. ამიტომ, მე ვთავაზობ ოპოზიცურ პარტიებს, რომ ერთმანეთზე თავდასხმის მორატორიუმი უნდა გამოვაცხადოთ, ეს საჭიროა იმისათვის, რომ  რეალურად გამარჯვებას მივაღწიოთ. სწორედ ეს არის განსხვავებული აზრებით ერთიანობის მიღწევა. მე ვაპირებ ოპოზიციის ერთიანი ფრონტი შევინარჩუნო, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდი და კვლავ გავაკეთებ. ვინც არ უნდა დამესხას თავს, მე მას არასოდეს პასუხს არ დავუბრუნებ იმიტომ, რომ ეს თავდასხმა მხოლოდ ივანიშვილს აწყობს, მე კი არ ვაპირებ ამ თამაშში შევიდე,"- აცხადებს  "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე. 

გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკურ პარტნიორებს შორის ნდობის ნაკლებობაა. გიორგი ბარამიძემ ასევე აღნიშნა, რომ გიორგი ვაშაძე გარკვეული პერიოდი მათ პარტიაში იბრძოდა, თუმცა შემდეგ თანაპარტიელები ძალიან მძიმე პერიოდში დატოვა, ამან კი ბარამიძის თქმით, მისდამი ნდობა დააკარგვინა. 

დღის ამბები