"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ "დღის კურიერში" სტუმრობისას პარტიის საარჩევნო სიის დაკომპლექტებაზე ისაუბრა. როგორც კობახიძე აცხადებს, სია გამოცდილი პოლიტიკოსებით შეირჩევა.
კობახიძის თქმითვე, სიაში ქალებიც საკმაოდ ფართო სპექტრით იქნებიან წარმოდგენილი.
"ათეულშიც, ოცეულშიც იქნებიან, როგორც ჩვენი გუნდის გამოცდილი წევრები, ასევე იქნებიან ახალი სახეები. უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ამასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ყველა შემდგომ არჩევნებზე არის საჭირო გუნდის განახლება და ამ შემთხვევაშიც, "ქართული ოცნება" განახლებული გუნდით წარსდგება საზოგადოების წინაშე. ჩვენი კანონით დადგენილი ვალდებულება არის, რომ სიაში ყოველი მეოთხე უნდა იყოს განსხვავებული სქესის. თუმცა, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ამის მიღმაც კიდევ უფრო ფართოდ იქნებიან წარმოდგენილი ჩვენ სიაში ქალები. ამაზე აქტიურად გრძელდება მუშაობა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ის მაჟორიტარობისთვის არ იბრძოლებს, რადგან "ბუნებრივია, შტაბის უფროსი ვერ იქნება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ფიზიკურად შეუთავსებელია ერთი საქმიანობა მეორესთან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაბრუნდება თუ არა აქტიურ პოლიტიკაში და იქნება თუ არა ის საბურთალოს ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძემ უპასუხა:
"ბუნებრივია, სახელებს და გვარებს ჯერ ჩვენ ვერ დავასახელებთ. ეს არის სამუშაო პროცესი. ეს არის ჩვენი შიდა სამზარეულო. თუმცა, რაც შეეხება მაჟორიტარებს, დავაკონკრეტებ და ვიტყვი, რომ უახლოეს მომავალში უკვე "ქართული ოცნება" წარადგენს ოცდაათივე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს. შესაბამისად, საზოგადოებას ეცოდინება არა მხოლოდ საბურთალოს, ან თბილისის რომელიმე ოლქის კანდიდატები, ეცოდინება 30-ვე," - განაცხადა კობახიძემ.
"კურიერის" ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ქართულმა ოცნებამ" მამუკა მდინარაძესა და დავით სერგეენკოს შორის შიდა გამოკითხვა ჩაატარა, რის შემდგომაც სერგეენკოს დიდი უპირატესობა ჰქონდა, ირაკლი კობახიძემ არც უარყო და არც დაადასტურა.
"ჩვენ, ზოგადად, კვლევებს ვაწარმოებთ მუდმივად. მათ შორის, მაჟორიტარების ჭრილშიც გვქონდა, კვლევები... დაგიდასტურებთ. რვავე თბილისის ოლქში ჩატარდა კვლევები. სხვადასხვა პოლიტიკოსი იყო ჩართული ამ გამოკითხვაში. შესაბამისად, მონაცემები ბუნებრივია, გვაქვს. მონაცემებიც იქნება ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს. რაც შეეხება კონკრეტული პოლიტიკოსების რეიტინგებს, მე დაგიდასტურებთ, რომ გამოკითხული გვაქვს ამ კონკრეტული პოლიტიკოსების რეიტინგებიც, მათ შორის, დავით სერგეენკოსი, მათ შორის, მამუკა მდინარაძის და მათ აქვთ ძალიან მაღალი რეიტინგი, შესაბამისად, ისინი შეიძლება იყოს განხილული კანდიდატებად," - აღნიშნა კობახიძემ.