18 ნოემბერი 2024,   01:30
ვრცლად
"ძალა ერთობაშიას" ერთობას საფრთხე ემუქრება - მივა თუ არა საბოლოოდ საქმე დაშლამდე

ოპოზიციური კოალიცია გადამწყვეტი შეხვედრის მოლოდინშია, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს კითხვას - ნამდვილად ტოვებს თუ არა გაერთიანებას ვინმე და თუ ასეა, რატომ? ხმები იმის თაობაზე, რომ "ძალა ერთობაშიას" მისი მთავარი დამფუძნებლები ტოვებენ, "ნაციონალური მოძრაობისთვის" არალოგიკურია.

პარტიაში პოზიციას იმით ამყარებენ, რომ კოალიცია მათი შექმნილია, საავტორო უფლებებიც მათ ეკუთვნით და ამავდროულად, ერთიანობის მომხრენი რჩებიან. თუმცა ამ პათოსს სხვა სუბიექტების განცხადებებში ვერ კითხულობენ.

ამავე ერთობის ბოლო შეხვედრები პარტიამ იმ არგუმენტით გამოტოვა, რომ საარჩევნო კონფიგურაციაზე ფიქრი სჭირდებოდა, რაც გაერთიანების ნაწილში აღქმული იქნა, როგორც მათი გასვლის წინაპირობა. თაკო ჩარკვიანი ახსნას ვერ უძებნის, რაში მდგომარეობს ერთობა, როდესაც თბილისის მაჟორიტარები "ნაციონალურმა მოძრაობამ" კოალიციასთან შეუთანხმებლად დაასახელა და ახლა პარტიას საერთო შეხვედრებზეც ვეღარ ხედავს.

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ თუ ამას უკვე ოფიციალური სახე მიეცემა, მას დამოუკიდებლად მოუწევს გეგმების დასახვა, ამ შემთხვევაში გიორგი ვაშაძესთან ბლოკად გასვლით. თავად ვაშაძე ამ ეტაპზე ფრთხილობს, უარყოფს რაიმე გადაწყვეტილებას კოალიციის დატოვებასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ კონტურებს შეხვედრა გამოაჩენს.

ამ პოტენციური ბლოკის ორივე კანდიდატი ხაზს უსვამს, რომ მათ კოალიციური ერთობის შენარჩუნება სურთ, ამავდროულად ორივე უარყოფს იმას,რომ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა მათ მიერ მოთხოვნილი კვოტების რაოდენობამ გამოიწვია. კურიერის ინფორმაციით საქმე უფრო მეტად გიორგი ვაშაძის პრემიერობის კანდიდატურას ეხება, რომლის ირგვლივაც კონსენსუსი ვერ შედგა. კოალიციის სხვა წევრები იხსენებენ, რომ 2 წლის წინ ხელმოწერილ შეთანხმებაში, გაერთიანებამ წესები უკვე დათქვა, სადაც ათეულში თითო სუბიექტს თოთო კანდიდატის დასახელება შეეძლო.

ამ ყველაფრის პარალელურად "კურიერისთვის" ცნობილი ხდება, რომ კოალიციის საარჩევნო სიით გურიის ოლქში კანდიდატურად პაატა ბურჭულაძე განიხილება, რომელთანაც კონსულტაციები უკვე მიდის და მხარეები იმედს გამოთქვამენ, რომ წარმატებითაც დასრულდება. პირველ ათეულში სავარაუდოდ "ეროვნულ დემოკრატიული" პარტიის ლიდერი, ბაჩუკი ქარდავა მოხვდება, სიაში იქნება ნიკა მაჭუტაძეც.

კოალიცია "ძალა ერთობაშია" ამ ეტაპზე ახალ პოლიტიკურ სახეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს გუნდის გაფართოების მიზნით, თუმცა უცნობია დახვდებიან თუ არა ახალ წევრებს სრულად ისინი, ვინც კოალიციას ამჟამად წარმოადგენს.

დღის ამბები