სახელისუფლებო პარტიის აღმასრულებელი მდივანი საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს. პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს გამოცდილება ამ მიმართულებით უკვე აქვს. ირაკლი კობახიძეს ბოლოს ეს სტატუსი 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჰქონდა. საკუთარი პარტიის გამარჯვებაში დარწმუნებულია და სჯერა, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტს კვლავ მისი თანაგუნდელი, არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს.
იქნება თუ არა, პროპორციული სიის ათეულში, ჯერ არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ საკითხზე გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს. "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელი იმასაც არ გამორიცხავს, რომ სიის პირველი ნომერი ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი იყოს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის საპარლამენტო სიის ფორმირებაზე მუშაობენ და აანონსებს, რომ ძველებთან ერთად, ახალი სახეებიც მალე გამოჩნდებიან.
ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა დღეს, "ქართულ ოცნებას" არჩევანი დაუწუნა. მათთვის ირაკლი კობახიძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშვნა გზავნილია, რომ წინასაარჩევნო კამპანია აგრესიული, ძალადობრივი და ცილისმწამებლური იქნება. ოპოზიციის შეფასებით, სწორედ ამგვარი რიტორიკით გამოირჩევა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე. კოლეგებმა მმართველი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ის 20 ივნისის მოვლენების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია.
"ქართული ოცნების" წევრებს შორის კონსულტაციები გადამწყვეტ ფაზაშია. პარტია 30 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებას დაახლოებით ერთ კვირაში გეგმავს. ერთ-ერთი ვერსიით, გურულების გულის მოგებას გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი შეეცდება, უკვე გადაწყვეტილია, რომ ბოლნისის, დმანისის, წალკისა და თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" გოგი მეშველიანი იქნება.
შესაძლოა კახეთში ერთ-ერთი კანდიდატი, დავით სონღულაშვილი იყოს, სავარაუდოდ, დედაქალაქში, საბურთალოზე კი, სახელისუფლებო გუნდის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სერგეენკო იქნება, რომელიც შიდაპარტიული რეიტინგითაც ამ ოლქში ლიდერობს. ეს ინფორმაცია ირაკლი კობახიძემ "დღის კურიერის" ეთერში არ უარყო.
როგორი იქნება "ოცნების" საარჩევნო სტრატეგია და ამჯერად როგორია მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამა - ეს უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება. სახელისუფლებო პარტიის გენერალური მდივანი ამბობს, რომ პირველი საარჩევნო გადაწყვეტილება გუნდმა სწორად მიიღო, რადგან ამ პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა უალტერნატივოა.
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსად გუშინ დაინიშნა. შტაბის სხდომა ცენტრალურ ოფისში გაიმართა, სადაც ირაკლი კობახიძემ თანაგუნდელებს წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ საკუთარი ხედვა უკვე გააცნო. პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შეხვედრაში ვირტუალური ჩართვით მონაწილეობდა.