ტურისტული სექტორის მიღმა აქტივობები აშკარად არის გაზრდილი - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მოქალაქეების ჯანმრთელობა არის ერთადერთი პირობა იმისთვის, რომ ეკონომიკა აღდგეს.
"ვირუსის გავრცელების რისკების ეფექტური მართვა არის ერთადერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ მოვახდინოთ ეკონომიკის სტაბილიზაცია შემდგომ სწრაფი აღდგენის მიზნით. დღეს აშკარაა, რომ ჩვენ ამ სტაბილიზაციისთვის მთავრობა, სამინისტროები უნდა მოვემზადოთ.
გარკვეული პოზიტიური ნიშნები ეკონომიკაში უკვე გამოჩნდა და ტურისტული სექტორის მიღმა აქტივობები აშკარად არის გაზრდილი, ისევე, როგორც ფინანსურ სექტორში მაჩვენებლებიც არის პოზიტიური. ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ იმის შედეგი, რომ ჩვენ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად მოვახერხეთ და დღესაც ვახერხებთ ვირუსის ეფექტურ მართვას. ეს არის გასაღები ეკონომიკური შემდგომი ეფექტური აღდგენის. ამიტომ, როგორც ხშირად ვამბობდით, ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არის ერთადერთი და უპირველესი პირობა იმისთვის, რომ ჩვენ შემდგომ ეკონომიკის სწრაფ აღდგენაზე ვისაუბროთ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურის თქმით, რამდენიმე დარგში, განსაკუთრებით მთავრობის მხარდამჭერი პროგრამების გამოცხადების შემდეგ, აქტივობები საგრძნობლად არის გაზრდილი. პრემიერის განცხადებით, ბოლო თვის განმავლობაში უძრავი ქონების გაყიდვები რადიკალურად გაიზარდა.
"რამდენიმე დარგში, განსაკუთრებით მთავრობის მხარდამჭერი პროგრამების გამოცხადების შემდეგ, აშკარად არის აქტივობები გაზრდილი, მაგალითად მშენებლობის მიმართულებით. უძრავი ქონების გაყიდვები ბოლო თვის განმავლობაში რადიკალურად გაიზარდა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ექსპორტში, მიუხედავად ჩვენი საკმაოდ პესიმისტური საპროგნოზო ციფრებისა, თუ არ ჩავთვლით რეექსპორტს, რაც პირველ რიგში აჩვენებს ეკონომიკის მდგომარეობას რეგიონში, რეექსპორტის გამოკლებით ექსპორტის კლება არის დაახლოებით 6-7%. ჩვენი გათვლები უფრო პესიმისტური იყო," - განაცხადა გიორგი გახარიამ.