პრემიერ-მინისტრის მიერ დენდროლოგიურ პარკთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას პოლიტიკური გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ამ პარკის მშენებლობა ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესი იყო და პრემიერს იმ ზიანს ახსენებენ, რომელიც ხეების გადატანისას გარემოს მიადგა.
როგორც პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ უმჯობესია გიორგი გახარიამ ჯერ აჭარაში, სამეგრელოს და გურიაში გაფუჭებული ინფრასტრუქტურა აღადგინოს და დენდროლოგიური პარკის გახსნით მხოლოდ ამის შემდეგ იამაყოს.
"ბატონ გახარიას მოვუწოდებ, რომ ჯერ აღადგინოს აჭარაში, სამეგრელოში, გურიაში გადათხრილი და გაფუჭებული ინფრასტრუქტურა, დაზიანებული ბუნება და შემდეგ იამაყოს. ერთია შეიძლება რასაც ხედავთ იყოს ლამაზი და კარგი, მეორეა შეიძლება, რასაც ვხედავთ ასევე, იყოს მახინჯი და დაჭრილი ბუნება, თუ შეიძლება ასე ითქვას," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ბევრად უფრო რეალური პრობლემები არსებობს, ვიდრე დენდროლოგიური პარკი, მაგალითად ეკონომიკური კრიზისი, კორუფცია და კრიმინალური გარჩევები, რითიც, მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი მეტად დაინტერესებული უნდა იყოს.
"ქვეყანაში, სადაც მძვინვარებს ეკონომიკური კრიზისი, სადაც მძვინვარებს კორუფცია, სადაც დაბრუნდა კრიმინალური გარჩევები, მემგონი პრემიერ-მინისტრს ბევრად უფრო მეტი რეალური პრობლემები უნდა ქონდეს და ბევრად უფრო რეალურად დაინტერესდეს ადამიანის პრობლემებით, ვიდრე დენდროლოგიური პარკის გახსნით და ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის ხეების გლეჯითა და გადატანით ადგილიდან ადგილამდე," – ამბობს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილი.
პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს კეთილი საქმეების კეთება უფრო გამოსდის და ურჩევს მას, რომ ქვეყნის მართვას თავი დაანებოს.
"როგორ შეიძლება ადამიანი ახლა ბოროტი თუ არ ხარ, არ მოგწონდეს, რომ კეთდება რაღაც, გამწვანდება, გალამაზდება. ეს არის თავის თავად კარგი. რაც არ არის კარგი, იმასაც ვხედავ იმიტომ, რომ ერთის მხრივ ამ კარგ საქმეს გააკეთებ და მეორეს მხრივ იმდენ ცუდ რამეს გააკეთებ, რომ ადამიანებს გამოიყვან მდგომარეობიდან და ეს ეხება ქვეყნის მართვას. კარგად გამოსდის ამ ადამიანს კეთილი საქმეების გაკეთება და გააკეთოს, ქვეყნის მართვას თავი რომ დაანებოს, ეს არის მთავარი რჩევა პირადად ჩემი," - განმარტა პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ეკა ბესელიამ.